მიხეილ სააკაშვილი: დავთანხმდი, ჩემ მიერ აშენებულ გორის ჰოსპიტალში გავემგზავრო, ჩემ მიერვე აშენებული ავტობანით

„მე დავთანხმდი ჩემ მიერ აშენებულ გორის ჰოსპიტალში გავემგზავრო ჩემ მიერვე აშენებული ავტობანით და იქ განთავსებისთანავე შევწყვიტო შიმშილობა, მაგრამ ნამდვილად არ ვაპირებ არც ერთი დღით, შევეგუო ჩემს უკანონო პატიმრობას და იმედია, არც თქვენ შეეგუებით ჩემი პუტინის ტყვეობაში ყოფნას“, - ამბობს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წერილში, რომელიც გლდანის #18 სამედიცინო დაწესებულებიდან მისმა ადვოკატმა ნიკა გვარამიამ გამოიტანა.

„მე, მიხეილ სააკაშვილი, მზად ვარ წარვდგე თუნდაც სპეციალურად შექმნილი, ოღონდ სამართლიანი სასამართლოს წინაშე და დავიცვა ჩემი და ჩვენი ისტორიული სიმართლე, მათ შორის, იმ ადამიანების წინაშე, ვინც თავი დაჩაგრულად ჩათვალა, ან ვისაც რეალური ზიანი მიადგა ჩემი პრეზიდენტობის დროს. მაგრამ, ეს ყველაფერი უნდა ჩატარდეს ეროვნული ღირსების და სამართლებრივი ნორმების განუხრელი დაცვით და მე დავემორჩილები ამგვარი სასამართლოს ნებისმიერ განაჩენს.

მაგრამ ვიმეორებ, დღევანდელი ჩემი პატიმრობა არის უკანონო და ჩვენ ის ერთად უნდა დავასრულოთ. დავასრულოთ ქვეყნის გათავისუფლებით და როდესაც გათავისუფლდება ქვეყანა, მეც ვიქნები თავისუფალი. როგორც კი თავისუფალი ვიქნები, თქვენთან ერთად ჩავერთვები ჩვენი ქვეყნის ფეხზე დაყენების საქმეში, როგორც თანასწორი თანასწორთა შორის. ჩავერთვები ჩვენი ქვეყნის ევროპულ გზაზე დაბრუნების საქმეში და ქვეყანაში პატიოსანი არჩევნების ჩატარების საქმეში. სიღატაკის და გაჭირვების დაძლევაში, უპერსპექტივობის და უიმედობის დასრულებაში. ახლა მოშვების დრო არ არის. ახლა კონსოლიდაციის დროა“, - აღნიშნულია წერილში.

ექსპრეზიდენტი პირველ ოქტომბერს დააკავეს და მას შემდეგ შიმშილობდა.