50-დღიანი შიმშილობის შემდეგ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. 19 ნოემბერს, 15:00 საათზე, იუსტიციის მინისტრის ბრიფინგიდან გახდა ცნობილი, რომ ექსპრეზიდენტს ამ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანას სთავაზობდნენ.
პატიმრობის შემდეგ, სააკაშვილის რიგით მეორე ტრანსპორტირება, ამჯერად გლდანის N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებიდან, დაახლოებით, 12:00 საათზე დაიწყო. თავად ამ დაწესებულებაში კი ყოფილი პრეზიდენტი რუსთავის ციხიდან 8 ნოემბერს გადაიყვანეს.
პენიტენციურმა სამსახურმა მაშინ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, სააკაშვილი გლდანში „ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით და მომატებული საფრთხეებიდან გამომდინარე გადაჰყავდათ.
ცნობისთვის, 19 ნოემბერს, სახალხო დამცველმა სააკაშვილის მდგომარეობის გამო, იუსტიციის სამინისტრო შესაძლო ლეტალური შედეგის შესახებ გააფრთხილა მას შემდეგ, რაც 18 ნოემბერს ექსპრეზიდენტმა გონება დაკარგა.
ამავე საღამოს, N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ, რეანიმატოლოგმა გულიკო ქილიფთარმა განაცხადა, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მცირე რეანიმაციული ღონისძიებების შედეგად სტაბილურია.
პარალელურად, შეხვედრა გაიმართა ჯანდაცვის სამინისტროში, სადაც ეკატერინე ტიკარაძემ როგორც უწყების, ასევე სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრები მიიწვია. შეხვედრიდან გამოსული ექიმი, გიორგი გრიგოლია, რომელიც ომბუდსმენის მიერ ჩამოყალიბებულ ჯგუფშია, აცხადებდა, რომ მათი რეკომენდაციები ჯანდაცვის მინისტრმა გაიზიარა, რაც გულისხმობდა, სააკაშვილის გადაყვანას მულტიპროფილურ კლინიკაში. თავად მინისტრს კომენტარი არ გაუკეთებია. გვიან ღამით, N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში ასევე იმყოფებოდნენ იუსტიციის მინისტრი და დეპუტატები „ქართული ოცნებიდან“.
დაწესებულების დატოვების შემდეგ დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ სააკაშვილის მკურნალობის შესახებ სამოქმედო გეგმა უახლოეს საათებში გახდებოდა ცნობილი. ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ ლიდერი ირაკლი კობახიძე სახალხო დამცველთან არსებული კონსილიუმის დასკვნას „ფეიკს“ უწოდებდა.
მიხეილ სარჯველაძემ კი აღნიშნავდა, რომ სამოქალაქო კლინიკა პანაცეა არ არის და ეს უფრო საკითხის პოლიტიზებული შემოთავაზებაა.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს და მას შემდეგ შიმშილობდა. იუსტიციის სამინისტროზე შეთავაზების პასუხად, მიხეილ სააკაშვილი დაეთანახმა გორის ჰოსპიტალში გადაყვანას და განაცხადა, რომ ადგილზე განთავსებისთანავე შიმშილობას შეწყვეტდა.
ხელისუფლების გადაწყვეტილებას, გადაეყვანათ სააკაშვილი სამკურნალო დაწესებულებაში, წინ უძღოდა საერთაშორი პარტნიორების არაერთი მოწოდება, რომ ექსპრეზიდენტი შესაბამისი სამედიცინო მომსახურებით უზრუნველეყოთ. მმართველი გუნდის მიმართ ასევე იყო კრიტიკა პენიტენციური სამსახურის ვიდეოკადრების გამო, სადაც ასახული იყო სააკაშვილის იძულებით გადაყვანა N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში.