„ეშმაკური გამოხედვით, ხმადაბალი საუბრის წესით, პენსნეს ტარების ჩვევით“ - რა ეწერა ჟანდარმერიის ბარათში მიხეილ ჯავახიშვილზე

უცოლო, ასე 30-32 წლის, სორბონისა და ჟენევის უნივერსიტეტების ყოფილი სტუდენტი, ჟურნალ „გლეხის“ რედაქტორი, ეშმაკური გამოხედვით, ხმადაბალი საუბრის წესით, პენსნეს ტარების ჩვევით - ასე ახასიათებს ჟანდარმერიის ბარათი ქართველ კლასიკოს მწერალს - მიხეილ ჯავახიშვილს.

დღეს მიხეილ ჯავახიშვილის დაბადების დღეა.

ბარათი მეფის რუსეთის ჟანდარმერიის თბილისის გუბერნიის სამმართველოს 1910 წლის 1 მაისს, მიხეილ ჯავახიშვილის დაპატიმრებისას შეუდგენია. დაკავების მიზეზი სოციალ-ფედერალისტებთან კავშირი იყო.

მასში კიდევ სხვა ბევრი საინტერესო დეტალია:

სახელი, მამის სახელი: ჯავახოვ (ზედმეტსახელი: ადამაშვილი) მიხეილ საბას ძე.

დეტალები, წოდება: გლეხი. სოფელი სიონი, ბორჩალოს მაზრა, თბილისის გუბერნია.

დაბადების ადგილი: სოფელი ზემო წერაქვი, ბორჩალოს მაზრა.

მშობლები: გარდაცვლილი

ოჯახური მდგომარეობა: დასაქორწინებელი

სასიყვარულო კავშირი: ოდესელი დორა ადამის ასული რეზნაკი

და, ძმა, ნათესავები: სპირიდონ, მელანია, ანასტასია, მარგარიტა.

აღმსარებლობა: მართლმადიდებელი

სამხედრო სამსახური: 1902 წ. არმიის მეორე რანგის მებრძოლი

განათლება: ნიკიტინის მებაღეობა - მევენახეობის სასწავლებელი, იალტა; სორბონისა და ჟენევის უნივერსიტეტები.

სამუშაო ადგილი: ჟურნალ „გლეხის“ რედაქტორი, თბილისი

ამჟამინდელი საცხოვრებელი ადგილი: თბილისი

დაპატიმრებული: 1910 წლის 1 მაისს, სოციალ-ფედერალისტების მიმოწერასთან დაკავშირებით

ნასამართლობა: 1906 წელს პასუხისგებაში მიცემულია სისხლის სამართლის კოდექსის 129-ე მუხლით (მოწოდება სახელმწიფო წყობის წინააღმდეგ) „გლეხის“ გამო, მაგრამ ემალებოდა მართლმსაჯულებას.

დგომა: წელში მოხრილი

სიარული: ჩქარი

მშობლიური ენა: ქართული

ხმა: ხმადაბალი ტენორი

ჩვევა: პენსნეს ტარება

ასაკი შეხედულების მიხედვით: 30-32 წლის

დაბადების დრო და ადგილი: 1880 წ. 8 ნოემბერი

აღნაგობა: გამხდარი, საშუალო

თმა: შავი, სწორი

წვერ-ულვაში: შავი, მოხვეული, თხელი

სახე: ფერმკრთალი სახის

გამომეტყველება: ეშმაკური

ბარათს ახლავს დაკავებულის თითის ანაბეჭდები.

ქართველმა კლასიკოსმა ერთ-ერთმა პირველმა ჩაუყარა საფუძველი XX საუკუნის ქართულ რეალისტურ რომანს, შექმნა რომანები ავანტიურული „კვაჭი კვაჭანტირაძე“, სოციალური „ჯაყოს ხიზნები“, სათავგადასავლო „გივი შადური“, ისტორიული „არსენა მარაბდელი“, ფილოსოფიური „თეთრი საყელო“. მწერალს განსაკუთრებით იზიდავდა სოციალური უთანასწორობის წინააღმდეგ ბრძოლისა და საზოგადო ცხოვრების რევოლუციური გარდაქმნის რთული ეპოქა.

მწერალი 1937 წლის 14 აგვისტოს დააპატიმრეს და ბერიას თანდასწრებით წამების ქვეშ ხელი მოაწერინეს „აღიარებაზე“. სასჯელი აღსასრულში მოიყვანეს დახვრეტით იმავე წლის 30 სექტემბერს. მწერლის არქივი განადგურდა, ხოლო მის ქონებას კონფისკაცია გაუკეთდა. მოგვიანებით მისი ძმაც დახვრიტეს, მეუღლე კი გადაასახლეს.