საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის განცხადებით, 3+3 ფორმატში საქართველოს ჩართვა შეუძლებელია. მისი თქმით, საქართველომ უკვე გამოხატა თავისი პოზიცია მოცემული პლატფორმის ინიციატორებთან, ბაქოსა და ანკარასთან საუბრისას. დავით ზალკალიანის თქმით, საქართველო ვერ მიიღებს მონაწილეობას რუსეთთან გეოპოლიტიკურ პროექტში. მინისტრის თქმით, საქართველოს მიზანია რეგიონში მიმდინარე პროექტებში დასავლელი პარტნიორების ჩართვა, რომ რუსეთისთვის ცარიელი სივრცე არ დარჩეს.
„ეს შეუძლებელია მაშინ, როცა ჩვენი ტერიტორიები არის ოკუპირებული. რამე სახის პოლიტიკურ გეოპოლიტიკურ პროექტში ჩართვა შეუძლებელია, სამაგიეროდ ჩვენ ვთავაზობთ სხვა პლატფორმებს, რაც არის სამხრეთ კავაკასიის ქვეყნებს შორის თანამშრომლობა - თბილისი ვაქციოთ როგორც დიალოგის ადგილი კონკრეტულ ეკონომიკურ პროექტებზე, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ხალხთაშორის ურთიერთობებზე და ეს გახდეს გრძელვადიანი მშვიდობის საფუძველი რეგიონში. ამას ემსახურობოდა პრემიერის ინიციატივა სამშვიდობო სამეზობლო პოლიტიკასთან დაკავშირებით”, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
შეგახსენებთ, Europetime-მა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულებით ევროკავშირის მთავარი პრესსპიკერი პიტერ სტანო ექსკლუზიურად ჩაწერა. პიტერ სტანოს Europetime-მა 3+3 ფორმატთან დაკავშირებით დაუსვა შეკითხვა. საპასუხოდ, პიტერ სტანომ აღნიშნა, რომ ევროკავშირი სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას აღმოსავლეთ პარტნიორობის მეშვეობით უჭერს მხარს.
ცნობისთვის, მთიან ყარაბაღში კონფლიქტის განახლებისა და ახალი ზავის შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ექვსეულის პლატფორმის შექმნის ინიციატივის შესახებ განაცხადა, რომელსაც მხარი აზერბაიჯანმა და ირანმა დაუჭირეს. ამ ინიციატივით, რეგიონული თანამშრომლობა სამხრეთ კავკასიის რეგიონის 3 სახელმწიფოს: საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს აერთიანებს. ასევე - ირანის ისლამურ რესპუბლიკას, რუსეთის ფედერაციასა და თურქეთს.
თავის მხრივ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „საქართველო უნდა იყოს ჩართული დიდ გეოპოლიტიკურ და რეგიონში მიმდინარე პროექტებში, მაგრამ არა სახელმწიფო ინტერესების ხარჯზე, არა ოკუპანტთან დათმობის ხარჯზე“. მანამდე, დავით ზალკალიანიმა ისიც განაცხადა, რომ საქართველოს რუსეთთან ერთად მონაწილეობა გაუჭირდება 3+3 ფორმატში, თუმცა რაღაც ფორმით ჩართული უნდა იყოს ახალ რეგიონულ პროექტებში. მოგვიანებით, მინისტრმა განმარტა, რომ ეს განცხადება არასწორად იყო აღქმული.
18 ოქტომბერს, საქართველოში ვიზიტით მყოფ აშშ-ის თავდაცვის მდივანს ლოიდ ოსტინს 3+3 ფორმატთან დაკშვირებით დაუსვეს შეკითხვა.
თავდაცვის სამინისტროში, ქართველ კოლეგა ჯუანშერ ბურჭულაძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ რუსეთმა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას უნდა სცეს პატივი.
„რუსეთი, რომელსაც საქართველოს ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული, უნდა სცემდეს პატივს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, ვიდრე რაიმე ახალ პლატფორმაზე ისაუბრებს“, - განაცხადა ლოიდ ოსტინმა.