პატრიარქი: მხატვარ ლევან ცუცქირიძისთვის ეტაპად იქცა სიონის საკათედრო ტაძრის მოხატვა, კომუნისტური რეჟიმის პერიოდში, ამ ნაბიჯის გადადგმა ადვილი არ იყო

მხატვარ ლევან ცუცქირიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სამძიმრის წერილს გამოქვეყნდა.

„ცნობილი მხატვარი, პორტრეტისტი, მრავალი წიგნის ილუსტრაციათა ავტორი, დავით გარეჯის კომპლექსის ფრესკების ასლების შემქმნელი... ბატონი ლევან ცუცქირიძე 95 წლის ასაკში განეშორა მიწიერ ყოფას.

შეიძლება ითქვას, რომ მისი პიროვნებისთვის ეტაპად იქცა სიონის საკათედრო ტაძრის მოხატვა. კომუნისტური რეჟიმის პერიოდში, ამ ნაბიჯის გადადგმა ადვილი არ იყო.

ბატონმა ლევანმა, ბატონ ალექსანდრე (შურა) ბანძელაძესთან ერთად, გაარღვია დიდი ბარიერი, ათწლეულების განმავლობაში ინტელიგენციას და ეკლესიას შორის ხელისუფლების მიერ აღმართული, და თავისი ცოდნა და შესაძლებლობა რელიგიიის სფეროს დაუკავშირა. ეს იყო საოცარი ბიძგის მიმცემი და ჩვენს ცხოვრებაში დიდი შემობრუნების დასაწყისი, რასაც შედეგად საეკლესიო ხელოვნების თითქმის ყველა მიმართულების აღორძინება მოჰყვა. მადლობა მას ამისთვის. შევთხოვთ ღმერთს, წიაღსა შინა აბრაამისასა განუსვენოს ბატონი ლევანის უკვდავ სულს, ხოლო მისი ოჯახის წევრები და ახლობლები დალოცოს და მშვიდობით აკურთხოს“, - აღნიშნული სამძიმრის წერილში.

95 წლის ასაკში გარდაიცვალა ფერმწერი, გრაფიკოსი, ქართული მონუმენტური ფერწერის ოსტატი ლევან ცუცქირიძე.

ლევან ცუცქირიძე იყო საქართველოს დამსახურებული მხატვარი (1967). სხვადასხვა წლებში ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, იყო სამხატვრო აკადემიის პროფესორი.

ლევან ცუცქირიძე იყო არაერთი წიგნის ილუსტრატორი, მათ შორის, „ვეფხისტყაოსანი“, „შუშანიკის წამება“, „სადღეგრძელო“ (გრიგოლ ორბელიანი), ვაჟა-ფშაველას ხუთი პოემა, „ფაუსტი“ (გოეთე) და სხვ. 1980-იანი წლების ბოლოს ცუცქირიძემ მოხატა თბილისის სიონის საკათედრო ტაძარი.

ლევან ცუცქირიძის პერსონალური გამოფენები სხვადასხვა დროს მოეწყო მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში. მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში და არაერთ კერძო კოლექციაში.

2016 წელს 90 წლის იუბილეზე ლევან ცუცქირიძეს, ქართული ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ხელოვნების ქურუმის წოდება გადაეცა.