რას გულისხმობს ამერიკელი კონგრესმენების რეზოლუცია რუსეთის პრეზიდენტთან დაკავშირებით

ამერიკელი კონგრესმენების სარეზოლუციო წინადადების მიხედვით, შეერთებულმა შტატებმა უნდა შეწყვიტოს რუსეთის პრეზიდენტად ვლადიმერ პუტინის აღიარება, თუ ის ხელისუფლებაში 2024 წლის შემდეგაც დარჩება.

ორი ამერიკელი კონგრესმენის (სტივ კოენი და ჯო უილსონი) მიერ წარმოდგენილ რეზოლუციაში ნათქვამია, რომ რუსეთში მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები უკანონო იყო და ვლადიმირ პუტინის ნებისმიერი მცდელობა, 2024 წლის შემდეგაც ხელისუფლებაში დარჩეს, გამოიწვევს ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან უღიარებლობას.

კრემლი გმობს და „აბსურდულს“ უწოდებს ამერიკელი კანონმდებლების სარეზოლუციო წინადადებას, რომლის მიხედვით, შეერთებულმა შტატებმა უნდა შეწყვიტოს რუსეთის პრეზიდენტად ვლადიმერ პუტინის აღიარება, თუ ის ხელისუფლებაში 2024 წლის შემდეგაც დარჩება.

რუსეთი ამ ინიციატივას ქვეყნის შიდასაქმეებში ჩარევად აფასებს.

კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსების გადასაწყვეტია, მათი პრეზიდენტის არჩევა და რომ რუსი კანონმდებლები, სავარაუდოდ, საპასუხო რეაქციას მოახდენენ.

პუტინის პრეზიდენტობის ვადა 2024 წელს დასრულდება და მისი პრეზიდენტობის დროს განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით, მას შეუძლია, მოითხოვოს კიდევ ორი ვადა.

69 წლის პუტინს ჯერ არ უთქვამს, აპირებს თუ არა ხელახლა კენჭისყრას 2024 წელს.