სახელმწიფო მედიის მტკიცებით, გაუჩინარებული ჩინელი ჩოგბურთელი ტურნირზე დააფიქსირეს. გავრცელებული ინფორმაციით, ჩოგბურთის ჩინელი ვარსკვლავი პენგ შუაი პეკინში ჩოგბურთის ტურნირზე სტუმრის სტატუსით გამოჩნდა. სახელმწიფო მედიის ჟურნალისტმა Twitter-ზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ნაჩვენებია 35 წლის ჩოგბურთელი.
თუმცა, როგორც BBC წერს, უცხოელი ოფიციალური წარმომადგენლებისთვის ეს ვიდეო საკმარისი არ აღმოჩნდა ჩოგბურთელის ირგვლივ არსებული შეშფოთების გასაქარწყლებლად.
პენგ შუაი გაუჩინარდა მას შემდეგ, რაც ორი კვირის წინ, ყოფილი ვიცე-პრემიერი სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა.
მისი უსაფრთხოება საერთაშორისო შეშფოთების საგანი გახდა.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ „უკიდურესად შეშფოთებულია“ ფაქტით და მოუწოდა ჩინეთს, „სასწრაფოდ მიაწოდოს გადამოწმებული მტკიცებულებები მისი უსაფრთხოებისა და ადგილსამყოფელის შესახებ“.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ განაცხადა, რომ მას სურს, დაადგინოს პენგის ადგილსამყოფელი და გამჭვირვალე გამოძიება მოითხოვა.