აშშ-ის ორგანიზებით, მასობრივი განადგურების იარაღთან დაკავშირებული კიბერდანაშაულის გამოძიების საკითხებზე უწყებათშორისი სწავლება დასრულდა

ამერიკული მხარის ორგანიზებით, მასობრივი განადგურების იარაღთან დაკავშირებული კიბერდანაშაულის გამოძიების საკითხებზე უწყებათშორისი სწავლება დასრულდა. მასობრივი განადგურების იარაღთან დაკავშირებული კიბერდანაშაულის გამოძიების საკითხებზე უწყებათშორის სწავლებაში, რომელიც აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) ორგანიზებით ჩატარდა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მიიღეს მონაწილეობა. მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძემ და აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს.

„ეს არის კიდევ ერთი იმ მრავალ ტრენინგს შორის, რომელსაც შეერთებული შტატების თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტო ჩვენი პარტნიორებისთვის საქართველოში უკვე მრავალი წელია, ახორციელებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოს უსაფრთხოების განმტკიცებაში, შესაბამისი უწყებების შესაძლებლობების გაძლიერებაში, დაიცვან საქართველოს საზღვრები და ხელი შეუწყონ მის ტერიტორიულ მთლიანობას მასობრივი განადგურების იარაღის საფრთხის მონიტორინგის ინსტრუმენტის მეშვეობით, როგორც ცოდნითა და უნარებით, ასევე აღჭურვილობით უზრუნველყონ ქვეყნის დაცვა შესაძლო ქიმიური და ბილოგიური საფრთხეებისგან“, - განაცხადა კელი დეგნანმა.

ტრენინგს გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ინსტრუქტორები და უცხოელი ექსპერტები უძღვებოდნენ. ტრენინგის მონაწილეებმა განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა: მასობრივი განადგურების იარაღი და კიბერსაფრთხეები, ციფრული მტკიცებულებების შენახვა, ღია წყაროებიდან ინფორმაციის მოძიება, გამოძიების მეთოდები მობილური მოწყობილობის გამოყენებით და სხვ. სწავლებაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების გარდა, მონაწილეობდნენ ფინანსთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები.

შსს-ს განცხადებით, თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტო (DTRA) აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციას, საერთაშორისო თანამშრომლობას, ასევე, რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების ღონისძიებებს.