„საქართველოში სიძულვილის ენაზე რეაგირების ეროვნული მექანიზმების სისტემური დოკუმენტირების“ ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართება.
ევროკვშირის წარმომადგენლობის ცნობით, 22 ნოემბერს, ონლაინ ღონისძიებაზე განიხილება „ამ ფენომენთან ბრძოლის პრიორიტეტული მიმართულებები“.
„ანგარიში მოიცავს ქვეყანაში სიძულვილის ენის ელემენტებისა და დინამიკის მიმოხილვას და ასევე, ყველა დაინტერესებული მხარისთვის რეკომენდაციებს, თუ როგორ უნდა მოხდეს მათზე რეაგირება. ანგარიში ეხმიანება ევროპის საბჭოს რასიზმის და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისიის (ECRI) სიძულვილის ენასთან ბრძოლის შესახებ ზოგადი პოლიტიკის რეკომენდაცია No.15-ს, რომელიც ხაზს უსვამს სიძულვილის ენის დაძლევის ყოვლისმომცველი მიდგომის მნიშვნელობას და გამოხატვის თავისუფლების უფლების სხვა უფლებებთან, განსაკუთრებით სიძულვილის ენის სამიზნე ჯგუფების უფლებებთან, შეჯერების აუცილებლობას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
შეხვედრას სტეფან სირბუ, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე უხელმძღვანელებს, ხოლო ღონისძიებას გახსნიან ირენა გუიდიკოვა, ევროპის საბჭოს ინკლუზიური და ანტიდისკრიმინაციული პროგრამების განყოფილების ხელმძღვანელი, და ევია კოტანი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პოლიტიკის, პრესისა და ინფორმაციის განყოფილების უფროსის მოადგილე.
სისტემური დოკუმენტირების ანგარიში მომზადდა პროექტის - აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის მსხვერპლთათვის მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაძლიერება სასამართლოს მიღმა დაცვის მექანიზმებით” ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს მიერ და ახორციელებს ევროპის საბჭო, პროგრამის „პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის” მეორე ეტაპის (PGGII) ფარგლებში.