გიორგი გახარიას პარტია საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციაზე საკუთარ კანდიდატურებს დააყენებს იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც გადამწყვეტი ხმის მქონე მანდატებითაა წარმოდგენილი

გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ მუნიციპალიტეტებში, სადაც ის გადამწყვეტი ხმის მქონე მანდატებითაა წარმოდგენილი, საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციაზე საკუთარ კანდიდატურებს დააყენებს. შესაბამისი განცხადება პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტიკურმა მდივანმა, კახა ქემოკლიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ასეთ კონფიგურაციაში „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები იქნებიან.

„მუნიციპალიტეტებში, სადაც პარტია „საქართველოსთვის“ წარმოდგენილია გადამწყვეტი ხმის მქონე მანდატებით, ჩვენ ვაყენებთ ჩვენს კანდიდატურებს საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციებზე. ჩვენ წარმოგვიდგენია, რომ ამ კონფიგურაციაში ორივე (როგორც „ოცნება“, ისე, „ნაციონალური მოძრაობა“), პირველ და მეორე ადგილზე გასული პარტიები დაუჭერენ ჩვენს კანდიდატებს მხარს და თავად ამ პარტიის წარმომადგენლები კი, იქნებიან საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები.

ეს არის ჩვენი მხრიდან კიდევ ერთი გადადგმული ნაბიჯი, იმისთვის, რათა ვიმოქმედოთ ქვეყნის, თითოეული მუნიციპალიტეტის და მოქალაქეების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე და თავიდან ავირიდოთ ნებისმიერი ტიპის კრიზისი მუნიციპალურ საკრებულოებში, რომლებმაც კონტროლი უნდა გაუწიონ ადგილობრივ აღმასრულებელ რგოლს.

მოვუწოდებთ ორივე პოლიტიკურ პარტიას გაიაზრონ ის პასუხისმგებლობა, რასაც მათ საზოგადოება ნდობისა და მანდატის სახით ანიჭებს. აქვე, კიდევ ერთხელ უნდა გამოვეხმაუროთ იმ პროცესს, რომელიც „ოცნებამ“ უკვე დაიწყო თვითმმართველობებში - ეს არის ოცნების მცდელობა ერთპიროვნულად, ახალი საკრებულოების დამტკიცებამდე, არსებული საკრებულოების მეშვეობით დაამტკიცოს მუნიციპალური ბიუჯეტები. როდესაც თვითმმართველობის არჩევნებზე ჩვენმა მოქალაქეებმა გადაწყვიტეს ხმა მიეცათ ჩვენი პარტიისთვის, ეს პირდაპირ მიანიშნებდა იმას, რომ მათთვის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი - ბიუჯეტი უნდა დამტკიცდეს სწორედაც ახალი საკრებულოების და არა ერთპიროვნულად „ოცნების“ მიერ.

კიდევ ერთხელ მივმართავთ ოცნებას, არ გააგრძელოს პოლიტიკური თაღლითობა და არ გაბედოს მუნიციპალური ბიუჯეტების დამტკიცება ახალი საკრებულოების შეკრებამდე. ხოლო საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ - დაუყოვნებლივ მოიწვიოს ახალარჩეული მუნიციპალიტეტების საკრებულოების სხდომები“,- განაცხადა კახა ქემოკლიძემ.