დემოკრატიის სამიტში, რომელსაც ჯო ბაიდენი გამართავს, სალომე ზურაბიშვილი მიიღებს მონაწილეობას

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ ინიცირებულ ონლაინ-სამიტში „დემოკრატიისთვის“, საქართველოდან მონაწილეობას მიიღებს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და არა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, როგორც ეს მანამდე იყო ცნობილი.

5 ნოემბერს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურმა მედიასაშუალებებს აცნობა, რომ სამიტზე მიწვეულია პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ის სამიტს დაესწრება.

დღეს, 22 ნოემბერს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე, პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ოფიციალური მიწვევა აქვს საქართველოს პრეზიდენტსაც და სამიტში მონაწილეობას ის მიიღებს.

„რამდენიმე კვირის წინ, გავავრცელეთ ჩვენ ინფორმაცია, რომ საქართველომ მიიღო მოსაწვევი პრეზიდენტ ბაიდენისგან დემოკრატიის სამიტზე. ახლა უკვე ჩვენ მივიღეთ ოფიციალური მოსაწვევიც ქალბატონი პრეზიდენტის სახელზეც და ჩვენი გადაწყვეტილებით, ქალბატონი პრეზიდენტი მიიღებს მონაწილეობას ჩვენი ქვეყნის სახელით აღნიშნულ დემოკრატიის სამიტზე, რომელიც გაიმართება ათ დეკემბერს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ჯო ბაიდენი სხვადასხვა ქვეყნის მთავრობის ლიდერებს, სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს უმასპინძლებს.

ფორუმი ქვეყნებში დემოკრატიის სტიმულირების მიზნით და ამავე დემოკრატიებში ერთიანი ქმედებებით, დიდი გამოწვევების გადასალახად იმართება.

ჯო ბაიდენის მიერ დაგეგმილ დემოკრატიის ვირტუალურ სამიტზე მიწვეულ ქვეყნებს შორის ასევე არიან უკრაინა მოლდოვა და პოლონეთი. აღსანიშნავია, რომ მიწვეულთა შორის, Politico-ს ვერსიით, ჯერჯერობით არ არის თურქეთი, რასაც წინ უძღოდა ამ ქვეყნის უთანხმოება დასავლეთის რიგ ქვეყნებთან.