ჰუბერტ ქნირში მის მიმართ გერმანულ გამოცემაში გამოთქმულ ბრალდებებზე განცხადებას ავრცელებს

"ყველას თავისუფლად შეუძლია, შეიქმნას საკუთარი აზრი ჩემს საქმიანობაზე, ან გამოთქვას ეს აზრი. სტატია არანაირად არ იმოქმედებს ჩვენს კარგ თანამშრომლობაზე საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციებთან", - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა განაცხადა.

"ერთ-ერთმა გერმანულმა ონლაინ მედიასაშუალებამ გამოაქვეყნა სტატია ჩემს საქმიანობაზე საქართველოში და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ჩვენს ურთიერთობაზე, ასევე იმ საქმიანობაზე, რომელსაც ჩემი მეუღლე ეწევა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში.

ყველას თავისუფლად შეუძლია, შეიქმნას საკუთარი აზრი ჩემს საქმიანობაზე ან გამოთქვას ეს აზრი. სტატია არანაირად არ იმოქმედებს ჩვენს კარგ თანამშრომლობაზე საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას შეკრების თავისუფლებისთვის, საქართველოში პლურალისტური პოლიტიკური ცხოვრებისათვის და პოლიტიკურ ძალებს შორის დაძაბულობის განმუხტვისთვის. რაც შეეხება ჩემს მეუღლეს ევა მარიას, მე ნამდვილად ვამაყობ მისი ინტენსიური და პროფესიონალური საქმიანობით, რომელიც მოიცავს ქართველი სტუდენტების განათლებას კომპიუტერულ მეცნიერებაში, ისევე, როგორც ვამაყობ მისი სამოქალაქო და საზოგადოებრივი აქტიურობით", - განაცხადა ელჩმა.

ცნობისთვის, გერმანულმა გამოცემამ Bild-ი საქართველოში გერმანიის ელჩთან ჰუბერტ ქნირშთან დაკავშირებით ვრცელი და კრიტიკული სტატია გამოაქვეყნა. სტატიაში "ქართული ოცნების" მიმართ ელჩის კეთილგანწყობასა და ბიძინა ივანიშვილთან მისი ცოლის კავშირებზეა საუბარი.