პატრიარქი: საქართველო მუდამ იყო განსაცდელში და მუდამ მონანიებით თავისუფლდებოდა

"ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ დროს, როცა მრავალი განსაცდელი არის ჩვენს გარშემო. საქართველო მუდამ იყო განსაცდელში და მუდამ მონანიებით თავისუფლდებოდა", - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას ბრძანა.

უწმინდესმა მრევლს წმინდა გიორგის დღესასწაული მიულოცა.

„გილოცავთ. წმინდა გიორგი იყოს მფარველი ჩვენი ქვეყნისა, მსოფლიოსი. ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს, როცა მრავალი განსაცდელი არის ჩვენს გარშემო, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანი არასდროს არ არის მიტოვებული ღვთისაგან. ადამიანი არის მფარველობის ქვეშ. წმინდა გიორგი იყო განსაცდელში, წმინდა გიორგი იყო მხედართმთავარი და საყვარელი ადამიანი იმპერატორის.

ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ დროს, როცა მრავალი განსაცდელი არის ჩვენს გარშემო, მაგრამ ღმერთი მოწყალეა, ღმერთი ხედავს როლსა კაცისასა და ჩვენ იმედს არ ვკარგავთ, რომ უფალი შეგვიწყალებს ჩვენ. მე მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ განსაცდელი არის მრავალი ჩვენს წინაშე, მაგრამ ერთი საშუალება ეს არის მონანიება ცოდვისა. „ჰე, უფალო მომანიჭე მე განცდაი თვისთა ცოდვათა და არა განკითხვა ძმისა ჩემისა“.

ჩვენ უნდა შევეკითხოთ ჩვენს გონებას ჩვენ თვითონ, ჩვენ მოვინანიეთ ჩვენი ცოდვები? ღმერთი არის სიყვარული, სიყვარული შეცვლის ადამიანს. სიყვარული ანიჭებს სიცოცხლეს. სიყვარულმა დაგლოცოთ, ღვთის სიყვარულმა გაგათავისუფლოთ თქვენ და ჩვენ და მთელი მსოფლიო განსაცდელისაგან. გილოცავთ ამ დიდ დღესასწაულს. საქართველო მუდამ იყო განსაცდელში და მუდამ მონანიებით თავისუფლდებოდა.

ყველას გილოცავთ გიორგობას. გიორგობა ეს არის ჩვენი დიდი დღესასწაული“, - ბრძანა ილია მეორემ.