ეროვნულ არქივში ლახამულის ოთხთავის რესტავრაცია დასრულებულია. რესტავრაციისა და კონსერვაციის სამუშაოზე რამდენიმე რესტავრატორი მუშაობდა. ხელნაწერის ყოველ ფურცელს ჩაუტარდა დეზინფექცია, დარბილდა და გაიწმინდა მშრალი და სველი წესით, შეივსო ნაკლული და დაზიანებული ადგილები. პარალელურად მიმდინარეობდა ხელნაწერის სამეცნიერო შესწავლა და ციფრული ასლის დამზადება.
„ეტრატზე შესრულებულ ლახამულის ოთხთავს დიდი მნიშვნელობა აქვს ქართული ოთხთავების გიორგი მთაწმინდელისეული რედაქციის შესწავლისათვის. ამ ხელნაწერს არაერთი მინაწერი ახლავს, რომლებიც უძვირფასეს ცნობებს გვაწვდის ლახამულის ხევის სოციალურ-ეკონომიკური, სამართლებრივი და რელიგიური ყოფის შესახებ“, - აცხადებენ ეროვნულ არქივში.
სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაო ეროვნული არქივის დოკუმენტების რესტავრაციის ლაბორატორიაში გასული წლის მაისში დაიწყო. ლახამულის ოთხთავის რესტავრაცია 18 თვეს გაგრძელდა, რომლის დასრულების შემდეგ XII საუკუნის ხელნაწერი ისევ სოფელ ლახამულში დაბრუნდა.