პრემიერის თქმით, ნინო ლომჯარია ოპოზიციასთან იყო აფილირებული და „ქართულმა ოცნებამ“ სახალხო დამცველად მიზანმიმართულად შეარჩია

პრემერ-მინისტრმა საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკულ შეფასებებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მმართველი გუნდი ერთმანეთისგან მიჯნავს ოფიციალური სტრუქტურების და ე.წ. მეგობართა კლუბების განცხადებებს, რომელიც მისი თქმით, ოპოზიციურმა პარტია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შექმნა. ღარიბაშვილის თქმით, ოფიციალური უწყებების გზავნილებს ისმენს მთავრობა, განსხვავებით ამ კლუბის „მიკერძოული წევრების“ შეფასებებისგან.

„ყოფილი ხელისუფლების მეგობართა კლუბები არსებობენ, მათ შორის, აშშ-სა და ევროპაში, მათი განცხადებები ჩემთვის აბსოლუტურად უინტერესოა. კარგად ვიცით, რომ მათ („ნაციონალური მოძრაობა“) შექმნეს მეგობართა კლუბები, ვგულისხმობ, კონგრესმენებსა და ევროპარლამენტარებს, სხვადასხვა ანალიტიკურ ცენტრში დასაქმებულ ექსპერტებს. მათთან პირადი მეგობრობა აკავშირებთ ყოფილი ხელისუფლებს წარმომადგენლებს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონები აქვთ დახარჯული, შესაბამისად, ჩემთვის მარტივი ასახსნელია, რას იტყვის რომელიმე მიკერძოებული ევროპარლამენტარი ან კონგრესმენი, და ჩემთვის არ არის ეს საინტერესო“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

რაც შეეხება სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას, რომ მათ აქვთ ნდობა სახალხო დამცველის მიმართ, და ხომ არ ნიშნავს ეს, რომ აშშ ამ ინსტიტუტს ენდობა და არა მთავრობას, ღარიბაშვილმა უპასუხა, რომ ამ განცხადებაში ეს ნამდვილად ვერ წაიკითხა.

„სახალხო დამცველის მიმართ ნდობა ზოგადად ყველა ქვეყანაში არსებობს უცხოეთიდან. როდესაც სახალხო დამცველი შეარჩია „ქართულმა ოცნებამ“, მიზანმიმართული გადაწყვეტილება და არჩევანი იყო, ვინაიდან, ვიცოდით, რომ ქალბატონი ლომჯარია არ წარმოადგენდა ხელისუფლებას, არ იყო ლოიალურად განწყობილი ხელისუფლების მიმართ, არამედ პირდაპირ იყო აფილირებული ოპოზიციასთან, ამ მიზნით შეირჩა ისიც. როდესაც აირჩიეს, პოლიტიკაში არ ვიყავი, თუმცა გუნდისგან მაქვს ინფორმცია, რომ ასეთი კანდიდატის შერჩევა მიზანმიმართულად მოხდა“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა. პრემიერი იზიარებს ირაკლი კობახიძის განცხადებებს ნინო ლომჯარიას მიმართ და აღნიშნავს, რომ სამწუხაროდ, ხშირად, სახალხო დამცველის პოზიციები ხშირად რეალობას არ ასახავს.