თურქეთში ირანის ელჩი: 3+3 ფორმატი ირანის საგარეო პოლიტიკურ კურსთან თანხვედრაშია

ირანი 3+3 ფორმატს მხარს უჭერს. ამის შესახებ თურქეთში ირანის ელჩმა მოჰამედ ფერაზმენდმა თურქულ მედიასთან განაცხადა.

ელჩის თქმით, „ფორმატი შეესაბამება ირანის საგარეო პოლიტიკურ კურსს, უფრო კონკრეტულად კი, გულისხმობს რეგიონში დაძაბულობის შესუსტებას, პრობლემების გადაჭრას და ქვეყნების თანამშრომლობის გაფართოებას“.

ელჩმა აქვე დაამატა, რომ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ერევანს, მოსკოვს, ბაქოს და ანკარას მთიანი ყარაბაღის ომის დროს 2020 წელს სტუმრობდა.

მოჰამედ ფერაზმენდის განცხადებით, საქართველოს გარდა, დანარჩენ ქვეყნებს პოზიტიური დამოკიდებულება აქვთ ამ პლატფორმის შექმნის მიმართ.

„სამხრეთ კავკასიაში 30-წლიანი დაძაბულობის აღმოფხვრა მხოლოდ სარგებელს მოუტანს რეგიონის ყველა ქვეყანას“, - აღნიშნა მოჰამედ ფერაზმენმა.

შეგახსენებთ, Europetime-მა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულებით ევროკავშირის მთავარი პრესსპიკერი პიტერ სტანო ექსკლუზიურად ჩაწერა. პიტერ სტანოს Europetime-მა 3+3 ფორმატთან დაკავშირებით დაუსვა შეკითხვა.

პიტერ სტანოს თქმით, ევროკავშირი მხარს უჭერს სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას აღმოსავლეთ პარტნიორობის მეშვეობით.

ექსკლუზივი: ევროკავშირი 3+3 ფორმატზე: ჩვენ მხარს ვუჭერთ სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას აღმოსავლეთ პარტნიორობის მეშვეობით

ცნობისთვის, მთიან ყარაბაღში კონფლიქტის განახლებისა და ახალი ზავის შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ექვსეულის პლატფორმის შექმნის ინიციატივის შესახებ განაცხადა, რომელსაც მხარი აზერბაიჯანმა და ირანმა დაუჭირეს. ამ ინიციატივით, რეგიონული თანამშრომლობა სამხრეთ კავკასიის რეგიონის 3 სახელმწიფოს: საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს აერთიანებს. ასევე - ირანის ისლამურ რესპუბლიკას, რუსეთის ფედერაციასა და თურქეთს.

ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „საქართველო უნდა იყოს ჩართული დიდ გეოპოლიტიკურ და რეგიონში მიმდინარე პროექტებში, მაგრამ არა სახელმწიფო ინტერესების ხარჯზე, არა ოკუპანტთან დათმობის ხარჯზე“. მანამდე, დავით ზალკალიანიმა ისიც განაცხადა, რომ საქართველოს რუსეთთან ერთად მონაწილეობა გაუჭირდება 3+3 ფორმატში, თუმცა რაღაც ფორმით ჩართული უნდა იყოს ახალ რეგიონულ პროექტებში. მოგვიანებით, მინისტრმა განმარტა, რომ ეს განცხადება არასწორად იყო აღქმული.

18 ოქტომბერს, საქართველოში ვიზიტით მყოფ აშშ-ის თავდაცვის მდივანს ლოიდ ოსტინს 3+3 ფორმატთან დაკშვირებით დაუსვეს შეკითხვა.

თავდაცვის სამინისტროში, ქართველ კოლეგა ჯუანშერ ბურჭულაძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ რუსეთმა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას უნდა სცეს პატივი.

„რუსეთი, რომელსაც საქართველოს ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული, უნდა სცემდეს პატივს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, ვიდრე რაიმე ახალ პლატფორმაზე ისაუბრებს“, - განაცხადა ლოიდ ოსტინმა.