Reuters-ი: რუსეთი და უკრაინა საბრძოლო მზადყოფნას წვრთნებით აძლიერებენ

მას შემდეგ, რაც კიევმა და მისმა დასავლელმა მოკავშირეებმა უკრაინის მახლობლად რუსეთის სამხედრო ძალის კონცენტრაციის გამო განგაში ატეხეს, რუსეთმა უკრაინის სამხრეთით, შავ ზღვაში სამხედრო წვრთნა გამართა.

ოფიციალურმა რუსეთმა განაცხადა, რომ მას აუცილებლად სჭირდება თავისი კონვენციური და ბირთვული ძალების მზადყოფნის გაზრდა. მიზეზად კი თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ „რუსეთის საზღვრებთან NATO-ს ქვეყნების მზარდი აქტიურობა“ დაასახელა.

შავ ზღვაში წვრთნისას რუსეთის სამხედრო თვითმფრინავები და გემები სამხედრო-საზღვაო ბაზებზე შეტევის მოგერიებას და საპასუხო საჰაერო დარტყმებს ამუშავებდნენ.

ამასობაში საკუთარი სამხედრო წვრთნა ჩაატარა ჩრდილოეთის საზღვარზე უკრაინამაც. ოფიციალური ინფორმაციით, მათი მიზანია გაზარდოს მზადყოფნა იმ შემთხვევისთვის, თუკი პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე მიგრანტებთან დაკავშირებული კრიზისი უკრაინის ტერიტორიაზე გადავა.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრუსმა ოთხშაბათს Reuters-ს განუცხადა, რომ უკრაინაზე თავდასხმა "რუსეთის სერიოზული შეცდომა" იქნება.