სანქტ-პეტერბურგში ბიზნესმენი ალექსანდრე ებრალიძე დააკავეს

სანქტ-პეტერბურგში ქართული წარმოშობის ბიზნესმენი, ალექსანდრე ებრალიძე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ებრალიძის საქმე რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის 160-ე მუხლით, თანხის მითვისება, ან გაფლანგვის მუხლით მიმდინარეობს.

მედიის ცნობით, საქმე დაკავშირებულია 2016 წელს „კონსტანს ბანკიდან“ 3 მილიარდი რუბლის (40 მილიონი აშშ დოლარი) დაკარგვასთან. იმავე წელს რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა „კონსტანტს“ ლიცენზია ჩამოართვა. ბანკის მფლობელი სწორედ ებრალიძე იყო.

ოფიციალური უწყებები ამ ეტაპზე ებრალიძის დაკავებაზე კომენტარს არ აკეთებენ.

ცნობისთვის, ალექსანდრე ებრალიძე რუსეთში სხვადასხვა კომპანიას ფლობს. 2009 წელს მან დააარსა „საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესი“. იმავე წლის მაისში განაცხადა, რომ საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში გეგმავდა მონაწილეობას და რუსეთთან მეგობრული ურთიერთობის დამყარებას.