უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს გენადი მაკარიძეს სავალდებულო ვაქცინაცია ადამიანის უფლებათა დარღვევად არ მიაჩნია.
ამის შესახებ მოსამართლემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მოსმენისას განაცხადა.
დეპუტატმა ნინო იობაშვილმა მას ჰკითხა, რას ფიქრობს სავალდებულო ვაქცინაციაზე და მიაჩნია თუ არა ადამიანის უფლებათა დარღვევად.
“მგონია, რომ დღეს არ არის ადამიანი დარჩენილი, ვისაც ამ საკითხზე არ უფიქრია. ბუნებრივია, მიფიქრია და იმდენად დიდია [რისკი], ადამიანებმა სხვა ადამიანების სიცოცხლეს შეუქმნან საფრთხე, ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა, რომ სავალდებულო ვაქცინაცია არ იქნება დარღვევა. ვფიქრობ, რომელი ვაქცინა გავიკეთოთ, ამას ვერ გადამიწყვეტ. არჩევანის საშუალება უნდა მომცენ. ძალიან მარტივ მაგალითს მოვიყვან. გარდა იმისა, რომ ჩვენი სიცოცხლისთვის არის აუცილებელი, ჩვენ ირგვლივ მყოფებსაც ვიცავთ. მაშინ უსაფრთხოების ღვედს რატომ ვავალებთ მძღოლს, რომ გაიკეთოს?”, - განაცხადა გენადი მაკარიძემ.
25-26 ნოემბერს საქართელოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი უსმენს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 4 კანდიდატს, რომლებიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ წარადგინა.