თბილისში გაიმართა ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი საქართველოსა და სერბეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველოს სამინისტროს დელეგაციას ხელმძღვანელობდა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალია, ხოლო სერბეთის დელეგაციას - მინისტრის მოადგილე ვლადიმირ მარიჩი.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის მიმდინარე თანამშრომლობა და აღნიშნეს ორმხრივი ვიზიტების განხორციელების მნიშვნელობა.
აღინიშნა მხარეთა დაინტერესება, განაგრძონ სექტორული თანამშრომლობის გაღრმავება სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკური და ტურიზმის მიმართულებით.
ხაზი გაესვა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობასა და რუსეთის ფედერაციის დესტრუქციულ ქმედებებს.