ზუგდიდის საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. ზუგდიდის ახლად არჩეული მერის მამუკა წოწერიას განცხადებით, დღევანდელი გადაწყვეტილება ლეგიტიმურია.
„მოქმედმა საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. ახალი ბიუჯეტი განისაზღვრა 47 მილიონ 200 ათასი ლარით. რა თქმა უნდა, ჩვენი პრიორიტეტები განსაზღვრულია. ეს გახლავთ ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა, გარემოს დაცვა, ახალგაზრდობა, კულტურა, სპორტი და სხვა.
პროცესი წარიმართა საბიუჯეტო კოდექსისა და ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით გათვალისწინებული ყველა პროცედურის და ვადების დაცვით“, - განაცხადა მამუკა წოწერიამ.
ამასთან, ზუგდიდის სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან სამართალდამცავებსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. არსებული ინფორმაციით, აქციის მიმდინარეობისას 2 ადამიანი დააკავეს.