ბიძინა კულუმბეგოვი: უვადო კოვიდპასპორტის პრეცედენტი ვერცერთ ქვეყანაში ვნახე

"ჩვენმა ქვეყანამ რატომღაც გადაწყვიტა, რომ უვადოდ მიეცემა ადამიანს კორონავირუსის გადატანის შემდგომ კოვიდპასპორტი",– ამის შესახებ ალერგოლოგ–იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა და აღნიშნა, რომ მისთვის გაუგებარია, ვისთან მოხდა კონსულტაციის გავლა, სანამ ამ გადაწყვეტილებას მიიღებდნენ.

მისი თქმით, გაუგებარია, რისთვის არის საჭირო ორმაგი – გარე და შიდა მოხმარების კოვიდ პასპორტები საქართველოში.

“განმარტებას ვითხოვთ, როგორც სპეციალისტები და ამ ქვეყნის უბრალოდ მოქალაქეები, რას ეფუძნება გადაწყვეტილება, თუნდაც იგივე ორმაგი, საგარეო მოხმარებისა და საშინაო მოხმარების პასპორტების შემოღების შესახებ”, - აცხადებს კულუმბეგოვი.

კითხვაზე, რა გავლენა ექნება მწვანე პასპორტების შემოღებას საქართველოში და იქნება თუ არა მოტივაცია ვაქცინაციის გააქტიურებისთვის, კულუმბეგოვი ამბობს, რომ დიდი გავლენა მწვანე პასპორტს აცრის პროცესზე სავარაუდოდ, ვერ ექნება. მისი განმარტებით, 800 ათასზე მეტ მოქალაქეს ოფიციალურად გადატანილი აქვს კოვიდი, ხელისუფლებამ კი ისინი აცრისგან პრაქტიკულად გაათავისუფლა.

"შეიძლება, ეს იყოს 5 ან 10- პროცენტიანი მიხმარება და მეტი არ იქნება იმიტომ, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი, დაახლოებით 50% უკვე იმუნურია, ან გადატანილი აქვს, ან აცრილია”, - აცხადებს კულუმბეგოვი.

ცნობისთვის, საქართველოში, კოვიდგადატანილები უვადო მწვანე სტატუსით ისარგებლებენ.