კოალიცია "მედია ადვოკატირებისთვის" მიიჩნევს, რომ "მთავარი არხის” სანქცირების ტენდენცია ცენზურის ნიშნებს ატარებს

კომუნიკაციების კომისიის მიერ „მთავარი არხის" 111 903 ლარით დააჯარიმებას კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის”გამოეხმაურა. კოალიციის წევრი ორგანიზაციები “კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მქონე მაუწყებლის და მისი წარმომადგენლების მიმართ წარმოებულ საქმეებს საგანგაშოდ მიიჩნევენ".

"სანქცირების ტენდენცია კი გვაფიქრებინებს, რომ კომუნიკაციების კომისია მაუწყებლის შეჩერებას და კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას ისახავს მიზნად", - ნათქვამია განცხადებაში.

კოალიციას მიაჩნია, რომ “მთავარი არხის” სანქცირების ტენდენცია ცენზურის ნიშნებს ატარებს. განცხადების თანახმად, 2020 და 2021 წლებში კომუნიკაციების კომისიამ ყველაზე მაღალი სანქცია „მთავარი არხის” მიმართ გამოიყენა.

„25 ნოემბერს კომუნიკაციების კომისიამ “მთავარი არხი” მაქსიმალური სანქციით შემოსავლის 1%-ით, 111,903.43 ლარით დააჯარიმა.

კომუნიკაციების კომისიის ოფიციალური განცხადებით, მაღალი სანქცია მაუწყებლის მიმართ არაწინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამის ეთერში განთავსების წესის არაერთხელ დარღვევის გამო გამოიყენა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა კომისია მიზანშეწონილად მიიჩნევს მაუწყებლის მიმართ ჯარიმის ზედა ზღვარი გამოიყენოს.

ასე მოხდა 2020 წელსაც, როდესაც შპს „მთავარ არხს“ დაეკისრა ჯარიმა 58,061.76 ლარის ოდენობით. თითოეულ შემთხვევაში, კომისია ფინანსურ ბერკეტების ამოქმედებით ცდილობს მაუწყებლის სამაგალითოდ დასჯას.

რამდენიმე საგანგაშო წინაპირობის ფონზე, მიღებული გადაწყვეტილება აღრმავებს ეჭვებს „მთავარი არხის” სარედაქციო პოლიტიკაზე ზეგავლენის მცდელობის შესახებ:

„მთავარი არხი” 2020 წელს ერთ-ერთი ყველაზე ხშირად სანქცირებადი არხი იყო. 2020 და 2021 წლებში კომუნიკაციების კომისიამ ყველაზე მაღალი სანქცია სწორედ “მთავარი არხის” მიმართ გამოიყენა', - აცხადებს კოალიცია.