სოჭში, ვლადიმერ პუტინმა სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებთან შეხვედრა გამართა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს სოჭში უმასპინძლა.

სამმხრივი შეხვედრის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა მოლაპარაკებები ორმხრივ ფორმატში განაგრძო.

სამმხრივი შეხვედრის შემდეგ პუტინმა აღნიშნა, რომ მხარეები სატრანსპორტო დერეფნების გახსნაზე შეთანხმდნენ.

მისი თქმით, მომდევნო კვირას მოსკოვში რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერები შეიკრიბებიან.

ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დელიმიტაცია და დემარკაცია მხარეების მოთხოვნით, რუსეთის ხელშეწყობით განხორციელდება.

თავის მხრივ, როგორც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განაცხადა, ქვეყანა მზად არის, სომხეთთან საზღვრის დელიმიტაცია დაიწყოს.

„რაც შეეხება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საზღვრების დადგენის საკითხს, ჩვენ დიდად ვაფასებთ ამ საკითხში რუსეთის მხარდაჭერას. საზღვრების დელიმიტაცია არ შემდგარა. ამიტომაც, საჯაროდ არაერთხელ დავაფიქსირეთ, რომ მზად ვართ, ეს პროცესი დაუყოვნებლივ დავიწყოთ. სომხეთს საჯაროდ ვთავაზობდით სამშვიდობო ხელშეკრულებაზე მუშაობის დაწყებას, რომ ბოლო მოვუღოთ დაპირისპირებას და ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი ვაღიაროთ“, - განაცხადა ალიევმა.

ნიკოლ ფაშინიანის თქმით, აშკარაა, რომ რუსი სამშვიდობო ძალები და რუსეთის ფედერაცია მთავარ როლს თამაშობს ვითარების სტაბილიზაციაში მთიან ყარაბაღში და ზოგადად რეგიონში.

"თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, სიტუაცია არ არის ისეთი სტაბილური, როგორც ჩვენ გვსურს. 2020 წლის 9 ნოემბრის შემდეგ, ორივე მხრიდან ათობით ადამიანი დაიღუპა.

ინციდენტები იყო, როგორც მთიან ყარაბაღში, ასევე სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე და ჩვენი შეფასებით, აზერბაიჯანის ჯარი სომხეთის სუვერენულ ტერიტორიაზე შემოიჭრა. რა თქმა უნდა, სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვრები არ არის დემარკირებული, მაგრამ სახელმწიფო საზღვარი არსებობს - ეს სომხეთის რესპუბლიკის სუვერენული ტერიტორიაა“, - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.