ბათუმისა და ზუგდიდის ბიუჯეტების დამტკიცების საკითხი სასამართლოში გადაინაცვლებს

„ნაციონალური მოძრაობა“ ბათუმისა და ზუგდიდის საკრებულოების ძველი შემადგენლობის მიერ 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტების დამტკიცებას სასამართლოში გაასაჩივრებს.

როგორც ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, „ამ ეტაპზე მიმდინარეობს კონსულტაციები, როგორც იურისტებთან, ასევე ოპოზიციონერ დეპუტატებთან“.

პარტიაში აცხადებენ, რომ საზოგადოება 26 ნოემბერს მომსწრე გახდა „ქართული ოცნების“ მიერ ხელისუფლების მიტაცების მორიგი ფაქტისა, რაც უპასუხოდ არ დარჩება.

ცნობისთვის, გუშინ, 2017 წლის მოწვევის საკრებულომ ბათუმის 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა, ასევე 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა ზუგდიდის საკრებულომ.

საკრებულოს სხდომების პარალელურად მიმდინარეობდა ორგანიზებული საპროტესტო აქციები. პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის სამართალდარღვევის ფაქტზე პოლიციამ ზუგდიდში 2 პირი, ხოლო აჭარაში 4 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავა.