ჯანმოს ხელმძღვანელის განმარტება ვაქცინირებულის მხრიდან ვირუსის გადაცემის რისკზე

ჯანმოს დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა ვაქცინაციაზე კიდევ ერთხელ გააკეთა განმარტება.

გებრეიესუსი ამბობს, რომ შემაშფოთებელია უსაფრთხოების არასწორი შეგრძნება, რომ თითქოს ვაქცინაციით უკვე დამარცხდა პანდემია. აქვე დასძენს, რომ თუ ჩატარებული გაქვთ ვაქცინაცია, დაავადების მძიმედ წარმართვის და სიკვდილის რისკი გაცილებით დაბალია, მაგრამ ინფიცირების და სხვებზე გადაცემის რისკი მაინც რჩება. გებრეისუსი განმარტავს, რომ ვაქცინაცია არ ნიშნავს, რომ აცრილმა რეკომენდაციები აღარ უნდა დაიცვას.

ტედროს ადანომ გებრეიესუსი: ძალიან შემაშფოთებელია უსაფრთხოების არასწორი შეგრძნება, რომ თითქოს ვაქცინაციით უკვე დამარცხდა პანდემია და რომ თითქოს ვაქცინირებულ ადამიანებს აღარ ესაჭიროებათ სხვა უსაფრთხოების ზომების დაცვა. ვაქცინა იცავს ადამიანების სიცოცხლეს, მაგრამ სრულად არ აღმოფხვრის ვირუსის გადაცემას. მონაცემების მიხედვით, დელტა ვარიანტის გამოჩენამდე ვაქცინების წყალობით, გადაცემა 60%-ით შემცირდა, მაგრამ დელტას შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 40%-გახდა.

თუ ჩატარებული გაქვთ ვაქცინაცია, დაავადების მძიმედ წარმართვის და სიკვდილის რისკი გაცილებით დაბალია, მაგრამ ინფიცირების და სხვებზე გადაცემის რისკი მაინც რჩება. სულ ვიმეორებთ: მაშინაც კი, თუ ვაქცინირებული ხართ, აუცილებელია, გააგრძელოთ უსაფრთხოების ზომების დაცვა, რათა არც თავად დაინფიცირდეთ და არც სხვას გადასცეთ ინფექცია, რომ მათი სიკვდილიც ავიცილოთ თავიდან. ეს ნიშნავს, რომ უნდა ვატაროთ პირბადე, დავიცვათ დისტანცია, თავი ავარიდოთ ხალხმრავლობას, თუ შესაძლებელია, შევხვდეთ გარე სივრცეში ან კარგი ვენტილაციის მქონე დახურულ სივრცეებში.

და ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ ყველა მთავრობას, გაატაროს მრავალმხრივი და მიზანმიმართული საზოგადოებრივი და სოციალური ზომები, რათა თავიდან იყოს აცილებული ვირუსის გადაცემა, შემცირდეს ზეწოლა ჯანდაცვის სისტემაზე და გადარჩეს რაც შეიძლება მეტი ადამიანის სიცოცხლე. ასევე აუცილებელია, ქვეყნებმა დროულად უზრუნველყონ პაციენტების გადაყვანა კლინიკებში.