სააკაშვილის საქმის მოსამართლე: თუ სალომე ზურაბიშვილი მივა იმ დასკვნამდე, რომ შეიწყალებს, არანაირი აღკვეთის ღონისძიება აღარ აქვს და გარეთ იქნება

7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის საქმის განმხილველი კოლეგიის მოსამართლე, ლიანა ორკოდაშვილმა კომენტარი გააკეთა. ამასთან. "ტვპირველთან" ინტერვიუში მოსამართლე აცხადებს, რომ თუ 29 ნოემბერს, ბრალდებული სასამართლო პროცესს არ დაესწრება, სხდომას არ ჩაატარებენ.

"პატიმრობა რომ არ გაგვეუქმებინა, მიუხედავად შეწყალებისა, სააკაშვილი საპატიმროში დარჩებოდა. ახლა, თუ სალომე ზურაბიშვილი იმ დასკვნამდე მივა, რომ შეიწყალებს, ჩვენთან პატიმრობა კი არა, არანაირი აღკვეთის ღონისძიება აღარ აქვს და გარეთ იქნება”, - აცხადებს ლიანა ორკოდაშვილი.

მოსამართლეს აქვს მოლოდინი, რომ სააკაშვილს 29 ნოემბერს ჩანიშნულ სხდომაზე მიიყვანენ.

„ალბათ ვერავინ გაბედავს, რომ კონსილიუმის წინააღმდეგ წავიდეს და არ მოიყვანონ, თუ ისინი იტყვიან, რომ მისი ტრანსპორტირება შესაძლებელია.

მაგრამ თუ არ მოიყვანენ, მის გარეშე საქმეს არ განვიხილავთ. რატომღაც მგონია, რომ იქნება სხდომაზე. უსვამენ ხაზს, რომ ფიზიკურად კარგადაა, გადაადგილება შეუძლია. პლუს ამას, იქამდე რამდენიმე დღეა“, - განაცხადა ლიანა ორკოდაშვილმა.

რატომ გაიმართა წინა სასამართლო სხდომა სააკაშვილის დასწრების გარეშე, მოსამართლე აცხადებს, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულება ემორჩილება იუსტიციის სამინისტოს და არა სასამართლო ხელისუფლებას:

"როდესაც ჩვენ მოგვდის საბუთი, სადაც წერია, რომ პატიმარი ვერ მოჰყავთ მისი ჯანმრთლეობის მდგომარების გათვალისწინებით, ჩვენ ხომ ექიმები არ ვართ, ეს ადამიანი ან გზაში რომ გახდეს ცუდად ან სასამართლო პროცესზე და რამე დაემართოს, ჩვენ რა უნდა ვქნათ?“.

მიეცემა თუ არა სააკაშვილს მომდევნო სხდომაზე დასწრების შემთხვევაში სიტყვით გამოსვლის უფლება, მოსამართლე ორკოდაშვილი ამის წინააღმდეგი არ არის.

„საერთოდ, სასამართლო სხდომა არ არის პოლიტიკური სხდომა, სადაც ასეთი განცხადება უნდა გაკეთდეს. მაგრამ, ვინაიდან, გამორჩეულ შემთხვევასთან გვაქვს საქმე და საუბარია მესამე პრეზიდენტზე, ასევე არის ეჭვი, რომ ის სპეციალურად არ მოჰყავთ, რა თქმა უნდა, თუ მას მოიყვანენ, არც მე და ვფიქრობ, არც ჩემი კოლეგები არ იქნებიან წინააღმდეგი, რომ განცხადება გააკეთოს“, - განაცხადა ლიანა ორკოდაშვილმა.

რაც შეეხება სასჯელაღსრულების დაწესებულების მიერ გავრცელებულ კადრებს, რომელშიც ასახულია, როგორც გადაჰყავთ სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხეში, ლიანა ორკოდაშვილის თქმით, ამ კადრებზე როგორც ადამიანსა და მოსამართლეს, მძიმე რეაქცია ჰქონდა.

„ძალიან განვიცადე. მკვლელიც რომ იყოს ადამიანი, მისადმი მოქცევა ფარგლებში უნდა იჯდეს - რაც ჩვენ გვაჩვენეს, საკმაოდ მძიმე სანახავი იყო“, - განაცხადა ლიანა ორკოდაშვილმა.

მოსამართლე ასევე საუბრობს გლდანის ციხეში პატიმრების მხრიდან სააკაშვილის მიმართ შესაძლო ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე.

„ყველაფერი უნდა გამოიკვლიო და თუ მიხვედი დასკვნამდე, რომ ამ ყველაფერმა ამ ადამიანის ტანჯვა გამოიწვია, შესაბამისი სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცემა“.

უნდა განიხილონ თუ არა სააკაშვილის საქმე საერთაშორისო მოსამართლეებმა:

„მე, როგორც მოსამართლეს, ეს შეურაცხყოფას მაყენებს. გამოდის, რომ საქართველოში, თურმე, არ ვართ ისეთი მოსამართლეები, რომლებიც გაბედულ და სამართლიან გადაწყვეტილებას მივიღებთ. რატომ უნდა განიხილოს უცხოელმა და რატომ არა ლია ორკოდაშვილმა? გადახედონ ჩემს წარსულს“, - განაცხადა ლიანა ორკოდაშვილმა.

ამასთან, ორკოდაშვილმა ისაუბრა 7 ნოემბრის საქმეზე სააკაშვილის წინა სასამართლო სხდომის შემდეგ მოსამართლეების მიმართ გამოთქმულ კრიტიკაზე და აღნიშნა, რომ ძალიან ინერვიულა.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 29 ნოემბერს უნდა ჩატარდეს. ამ დროისთვის უცნობია, მისცემს თუ არა პენიტენციური დაწესებულება სააკაშვილს სასამართლო სხდომაზე დასწრების შესაძლებლობა, თუმცა ერთ-ერთ ინტერვიუში, იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ უსაფრთხოების და ჯანმრთელობის მდგომარეობის რისკი როგორც კი გამოირიცხება, პენიტენციური სამსახური შეძლებს მის გადაყვანას სასამართლო დარბაზში.

ამასთან, სააკაშვილის მკურნალი ექიმის თქმით, ექსპრეზიდენტმა ფიზიკური გააქტიურება დაიწყო და ემზადება სასამართლოსთვის.