კახა კუჭავა: პოლიტიკური პოლარიზაცია საზოგადოების გამოწვევაა საქართველოშიც

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მადრიდში, საპარლამენტთაშორისო კავშირის 143-ე გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ძლიერი პოლიტიკური პოლარიზაცია და რადიკალური პოლიტიკური რიტორიკა დემოკრატიის ფუნქციონირებისთვის რეალურ გამოწვევას წარმოადგენს.

მისი თქმით, აუცილებელია სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობის აღდგენა და დემოკრატიული განვითარებისთვის ხელახალი ენერგიის მიცემა.

„მაშინ, როდესაც ჩვენ ამბიციურ სამომავლო მიზნებზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი მმართველობის სისტემები არსებითი საფრთხეების წინაშე დგანან. ძლიერი პოლიტიკური პოლარიზაცია და რადიკალური პოლიტიკური რიტორიკა დემოკრატიის ფუნქციონირებისთვის რეალურ გამოწვევას წარმოადგენს და მთლიან საზოგადოებას ვნებს.

აუცილებელია სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობის აღდგენა და დემოკრატიული განვითარებისთვის ხელახალი ენერგიის მიცემა. ჩვენ შეიძლება ვერ ვეთანხმებოდეთ ერთმანეთს ცალკეულ თემატურ საკითხებზე. ეს ნორმალური და საჭირო უთანხმოებაა, რაც დემოკრატიას ამოძრავებს. თუმცა, გასული ათწლეულის განმავლობაში პოლარიზაციის ჯერ არნახული ხარისხის მომსწრე გავხდით. პანდემიამ კიდევ უფრო მეტად მოახდინა გავლენა ბევრი ქვეყნის პოლიტიკურ სტაბილურობაზე. ვირუსთან დაკავშირებულმა შეზღუდვებმა დამატებით შეუწყო ხელი პოლიტიკური პოლარიზების ზრდას. პოლარიზაცია დღესდღეობით განსაკუთრებით მძაფრად იგრძნობა, საზოგადოებრივ დაყოფას კი ბოლო არ უჩანს. ჩემი ქვეყანა ამ მხრივ არ არის გამონაკლისი. პოლიტიკური პოლარიზაცია საზოგადოების გამოწვევაა საქართველოშიც. ამას ემატება ისიც, რომ საქართველოს ტერიტორიის 20%, ორი ისტორიული რეგიონი - აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, რუსული ოკუპაციის ქვეშაა“, - განაცხადა კახა კუჭავამ.

მისივე თქმით, „მშვიდობიანი და კეთილდღეობით სავსე საზოგადოების მშენებლობის მიზნით, საქართველოს პარლამენტმა უნდა განაგრძოს პროგრესი დემოკრატიული განვითარების, ადამიანის უფლებების დაცვის, ეფექტიანი სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობის და პროდასავლური საგარეო პოლიტიკის განხორციელების სფეროებში და გაუძღვეს ახალი, არსებითი რეფორმების გატარებას. ეს ასევე დადებითად წაადგება საქართველოს განზრახვას, 2024 წელს გააკეთოს განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე“.