ირანი და საქართველო სატრანსპორტო საკითხების გადასაჭრელად და სპარსეთის ყურე-შავი ზღვის დერეფნის შექმნის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის დასაჩქარებლად მოლაპარაკებებს აწარმოებენ.
ირანის საგზაო და სატრანსპორტო ორგანიზაციის დირექტორმა ჯავად ჰედაიათმა განაცხადა, რომ ირანმა და საქართველომ გასულ თვეში ორდღიანი შეხვედრა გამართეს. ჰედაიათმა ასევე აღნიშნა, რომ ასეთი შეხვედრები მნიშვნელოვანია ტრანსპორტირებისა და ვაჭრობის საკითხების გადასაჭრელად და ოპერაციული გაურკვევლობებისა და დაბრკოლებების აღმოსაფხვრელად.
„სომხეთის ტერიტორიაზე გამავალი ჩვენი ტრანზიტული სატვირთო მანქანების რაოდენობა წელიწადში ერთნიშნაა, მთიანი და ძალიან ძნელად გასავლელი მარშრუტია, განსაკუთრებით ზამთარში, როცა სატვირთო მანქანები 400 კმ მარშრუტს გადიან ხოლმე სამ დღეში. მოძრაობის პირობები ძალიან რთულია. ჩვენს ბევრ სატვირთო მანქანას მანამდე შეექმნა პრობლემები და ზამთარში ხევში ჩავარდა. ასე რომ, მარშრუტი არც თუ ისე კარგია იმ სხვა ალტერნატივებთან შედარებით, რომლებიც ჩვენ გვაქვს ევროპაში შესასვლელად", - განუცხადა ჯავად ჰედაიათმა Tasnim news-ს.
„ჩვენი ძირითადი მარშრუტი ევროპისკენ გადის თურქეთზე, ხოლო მეორე მარშრუტი აზერბაიჯანის გავლით“, - აღნიშნა ჰედაიათმა და დაამატა, რომ სომხეთის მარშრუტი კვლავ მნიშვნელოვანია ირანისთვის, როგორც ალტერნატივა, თუ ირანული სატვირთო მანქანების გადაადგილების პრობლემა წარმოიქმნება.
ცნობისთვის, საქართველო და ირანი სპარსეთის ყურე-შავი ზღვის სატრანზიტო დერეფნის განვითარებაზე 2017 წლის აპრილში შეთანხმდნენ.