ექსპრეზიდენტ სააკაშვილის სიტყვა სასამართლო დარბაზიდან: არ მოგენატრათ თქვენი ქვეყნის სიამაყის განცდა და „დრაივი“?

ექსპრეზიდენტმა სააკაშვილმა თავის სასამართლო პროცესზე პირველი სიტყვა საქალაქო სასამართლოსთან შეკრებილებისადმი მისალმებით და მადლობით დაიწყო. შემდეგ ხალხს მიმართა და კითხვა დაუსვა, მოენატრათ თუ არა აღმშენებლობა, რადგან მისი თქმით, რამდენიმე დღის განმავლობაში იარა საქართველოში, „ტყვეობამდე“, და მოქალაქეებს შეატყო, რომ ყველა დაღვრემილია.

„მე მინდა, პირველ რიგში, მივესალმო გარეთ მდგომ ადამიანებს, მივესალმო საქართველოს საზოგადოებას და მე მინდა დაგისვათ კითხვა. მე რამდენიმე დღე ვიარე თავისუფლად საქართველოში, მქონდა საშუალება ადამიანებთან ურთიერთობის, ტყვედ აყვანის წინ და მე ვნახე, რომ ხალხი არის ძალიან დაღვრემილი, ხალხი არის მოღუშული, ხალხი პრაქტიკულად არ იღიმება, ხალხი არის ძალიან გაუბედურებული და მინდა გითხრათ თქვენ, ჩემო საყვარელო ქართველო ხალხო, მინდა გკითხოთ - არ მოგენატრათ თქვენი ქვეყნის სიამაყის განცდა? არ მოგენატრთ ტემპი და „დრაივი“ განვითარების? არ მოგენატრათ სიახლე და აღმშენმებლობა? არ მოგენატრათ სიყვარული და სითბო? არ მოგენატრათ გამარჯვების ზეიმი? და თუ ეს ყველაფერი მოგენატრათ, მაშინ ის, რაც ახლა ხდება, ერთად უნდა დავასრულოთ“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სააკაშვილის თქმით, ასე კარგად მატერიალურად არასდროს ყოფილა, თუმცა ეს ყველაფერი გვერდზე გადადო და საქართველოში ჩამოვიდა.

„ზუსტად ვიცოდი, რომ შეიძლებოდა, მოვეკალი, როგორც ზვიად გამსახურდია, ან დილეგში ჩავესვი. ალბათ, ზოგი იტყვის, რომ არ ვარ საღ ჭკუაზე და რამ უნდა აიძულოს ადამიანი, ევროპის ყველაზე დიდ ქვეყანაში, ფუფუნება გადადოს გვერდზე და გადაეშვას მორევში, საიდანაც თავის დაღწევის შანსი პრაქტიკულად ძალიან დაბალია.

მე მართლაც მიყვარს უკრაინა, სადაც ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი წლები გავატარე, მაგრამ გიჟივით მიყვარს საქართველო, სადაც დავიბადე და გავიზარდე“, - განაცხადა სააკაშვილმა.

ამის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ პირდაპირ ეთერს უკრაინელების უყურებენ და მათ უკრაინულად მიმართა, რამაც პროკურორის უკმაყოფილება გამოიწვია, რადგან გაუგებარი იყო შინაარსი, რაზეც სააკაშვილმა უპასუხა, რომ ის უკრაინის მოქალაქეა და ჯობდა, თარჯიმანი მიეყვანათ ადგილზე. თავის მხრივ, ადვოკატმა განმარტა,რომ ექსპრეზიდენტი პოლიტიკურ განცხადებას აკეთებდა.