მოსამართლე პროკურორს არ დაეთანხმა და სააკაშვილს სიტყვის გაგრძელების უფლება მისცა

"როდესაც ბრალდებული პირი მოდის სასამართლო სხდომის დარბაზში, მან პოზიციაც უნდა დააფიქსიროს ბრალდებასთან დაკავშირებით და ასევე მას აქვს განცხადების გაკეთების უფლება", - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის მოსამართლემ თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა.

„უნდა ისაუბროს, რადგან ჩვენ ამ წლების განმავლობაში დაუსწრებლად ვიხილავთ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეს. ბევრი პროცესი გვაქვს ჩატარებული, ბევრი მოწმე გვყავს დაკითხული საათობით და ბევრი კითხვები გვაქვს მოსმენილი მხარეებს. ის პირველად წარდგა მართლმსაჯულების წინაშე საქართველოში, შესაბამისად, მას აქვს უფლება, განცხადების გაკეთების და ბრალთან დაკავშირებით თავისი პოზიციის დაფიქსირების. ამაში საათობრივ შეზღუდვას ვერ დავაწესებთ, რადგან ასეთ შემთხვევაში კანონი, როგორც ბრალდებულის სტატუსის მქონე პირს, აძლევს უფლებას, გამოთქვას აზრი და განცხადებისთვის რეგლამენტსაც ვერ დავაწესებთ. ამ შემთხვევაში გარკვეულწილად ნაკრები გამოდის, ბრალთან დაკავშირებით მისი პოზიციის. შესაბამისად შეგიძლიათ გააგრძელოთ“, - განაცხადა მოსამართლემ.

მანამდე, პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა სასამართლოს მიმართა, რომ მიხეილ სააკაშვილს სიტყვა დაესრულებინა, რადგან მისი თქმით, განსახილველ საკითხზე არც ერთი სიტყვა არ თქმულა.

„შეახსენოს მიხეილ სააკაშვილს, რომ იგი იმყოფება არა პრეზიდენტის, არამედ ბრალდებულის სტატუსით“, - განაცხადა სასამართლო დარბაზში წიკლაურმა.