„ერთი საქმე ეხება გაუგონარ რაღაცას, პრეზიდენტის მიერ შეწყალებას. ე.წ. გირგვლიანის საქმე, რომელიც არანაირი გირგვლიანის საქმე არ არის და ისე დაარქვეს, პიარისთვის. ტრაგედია იყო სანდრო გირგვლიანის სიკვდილი. მართლა ხომ არ ბნელა ხალხო?!", - მიმართა პროკურორებს მიხეილ სააკაშვილმა მის სასამართლო პროცესზე.
სააკაშვილის თქმით, მის მიერ ამნისტირებული ერთ-ერთი სამართალდამცველი მონაწილეობდა გლდანის ციხეში მის გადაყვანაში.
„ჩემ მიერ ამნისტირებული სამართალდამცველი თმით დამათრევდა გლდანის დაწესებულებაში“, - აღნიშნა სააკაშვილმა.
მისი თქმით, გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებულები მოსამართლეებმა გაათავისუფლეს და ამ მოსამართლეებიდან ერთ-ერთი მას ე.წ. პიჯაკების საქმეზე ასამართლებს.
„ტრაგედია იყო სანდრო გირგვლიანის სიკვდილი. ოფიცრები იყვნენ დაკავებულები. 2008 წლის ომის შემდეგ მოხდა ამნისტია სამხედროების, 280 სამხედროსი, მათ შორის, ერთი გავიგე თმებით დამათრევდა გლდანის დაწესებულებაში, ჩემ მიერ ამნისტირებული. ოღონდ, ამნისტია კი არ მოხდა, მოხდა ორჯერ შემცირება საპატიმრო ვადის. იქიდან გავიდა ექვსი თვე და ორმა სხვადასხვა მოსამართლემ გამოუშვა ისინი უდოთი და აქედან ერთი ახლა მე მასამართლებ“, - განაცხადა სააკაშვილმა.