მიხეილ სააკაშვილი: 7 ნოემბრის კადრებს რომ ატრიალებთ, გუშინ არ გქონდათ 20 ივნისი?!

„7 ნოემბრის კადრებს რომ ატრიალებთ, რომელიც ჩემთვის ძალიან უსიამოვნო საყურებელია და მე დღემდე ცუდად ვიგონებ ამას, გუშინ არ გქონდათ 20 ივნისი?!“ - ასე გამოეხმაურა ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქმეს, რომელიც მის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში განიხილება.

„გუშინ არ გქონდათ ლექსო ლაშქარავას მკვლელობა, რომელიც წაახალისა საქართველოს უმაღლესმა პოლიტიკურმა პირმა თავისი მოწოდებით?!

7- ში დილით მაღვიძებენ და მეუბნებიან, რომ შეტაკება იყო და დაახლოებით ისეთი რაღაც მოხდა, რაც დღეს სასამართლოს წინ, ვიღაცებს გაზი რომ შეასხეს და დააკავეს.

ამის შემდეგ ბევრად მეტი ხალხი გამოვიდა. ამ პროცესს შს მინისტრი მართავდა, მე ტელევიზორით ვუყურებდი და არავისთვის დირექტივა არ მიმიცია.

ისინი იქცეოდნენ ისე, რა გამოცდილებაც ჰქონდათ და მაშინ ჩვენი პოლიცია იყო ძალიან ახალგაზრდა და ძალიან გამოუცდელი. ღმერთმა დაგვიფარა და არავინ დაიღუპა ამ შეტაკებების დროს. ეს ხდება ბევრ ქვეყანაში და არავის მოსდის აზრად ამაზე საქმეების აღძვრა, გარდა განსაკუთრებული მანიაკებისა.

ამის შემდეგ მე გავაკეთე ის, რასაც მსოფლიოში ცოტა ლიდერი აკეთებს, მე გადავდექი და ჩემი საპრეზიდენტო ვადა 1.5 წლით შევამცირე.

წავედი ახალ საპრეზიდენტო არჩევნებზე, რომელიც გაჭირვებით, მაგრამ მოვიგეთ, რათა მიმეღო ქართველი ხალხისგან ახალი მანდატი. ეს გავაკეთე იმიტომ, რომ ჩამეშალა რუსული გეგმები და ამ მიტინგისა და გამოსვლების გამო არ დაგვბლოკვოდა ჩვენ ნატოში ინტეგრაცია. შემდეგ მიმიწვია პრეზიდენტმა ბუშმა და მითხრა, ამიტომ ხარ აქ, რომ გადადექი და შენ არ ეპოტინები ხელისუფლებასო. ქართველმა ხალხმა, ამ საქმისგან, რასაც აქ გვედავებიან, ვერდიქტი გამოიტანა“, - განაცხადა სააკაშვილმა.