პალაცო ადრიანო ოსკაროსანი ფილმის Cinema Paradiso-ს გადაღებების ადგილია. პალაცო ადრიანო 5500-ზე მეტი იტალიური ქალაქიდან ერთ-ერთია, სადაც 5000-ზე ნაკლები მოსახლეა. ახალგაზრდების უმეტესობამ დატოვა ქალაქი სხვა ქვეყნებში ან უფრო დიდ ქალაქებში სამუშაოს საძიებლად, ამიტომ საშუალო ასაკი იქ 60 წელზე მეტია.
თუ Covid19 ამ პოპულაციებს შორის გავრცელდებოდა, პალაცო ადრიანოს მსგავსი პატარა ქალაქები რუკიდან წაშლის რისკის ქვეშ იქნებოდნენ, თუმცა ვაქცინაციის წარმატებამ ეს უარესი სცენარი გამორიცხა.
პალაცო ადრიანოში აცრილია 104 პროცენტი, ამ მაჩვენებელს იმით ხსნიან, რომ აცრილების რიცხვს დასახლებულ პუნქტში ოფიციალურად დარეგისტრირებული ადამიანების მიხედვით ითვლიან. აღნიშნულ ქალაქში კი ოფიციალურად რეგისტრირებული მოსახლეობის გარდა, მეზობელი დასახლებიდან ჩამოსულები/დროებით მცხოვრებლებიც აიცრნენ.
„იქ, სადაც არსებობდა შეშფოთება ვაქცინასთან დაკავშირებით, სოფელმა შექმნა WhatsApp ჯგუფი ასობით მცხოვრებისგან, რათა განეხილათ ეს საკითხები. ამ ჯგუფში ჩვენ ვუპასუხეთ ყველა ყალბ ამბავს ვაქცინაზე და ვაქცინის უსაფრთხოებაში ვარწმუნებდით ადამიანებს“, - ამბობს ქალაქის მერი ნიკოლო გრანა.
ქალაქის ოფიციალური წარმომადგენელი სალვატორე სპატა ვაქცინაციის წარმატებულად წარმართვის ძალისხმევას ადამიანების თვითშეგნებას და ე.წ. ზეპირ კამპანიას უკავშირებს. მისი თქმით, შედგა ერთგვარი ადამიანთა ქსელი, რაც იმას ნიშნავს, რომ თითოეული ოჯახის წარმომადგენელი ცნობილ მოედანზე ყოველდღე მიდიოდა და ინტენსიური ურთიერთობით ნათესავებს და მეგობრებს აცრის სიკეთეებზე ესაუბრებოდა.
„ჩვენ ვისარგებლეთ ამ ინტენსიური ურთიერთობებით ვაქცინაციის კამპანიის გასავრცელებლად. თითოეულ ადამიანს, ვისაც ვხვდებოდით, ვახსენებდით, რომ უნდა აცრილიყვნენ და მეორე დღეს მათი ნათესავები მიდიოდნენ ლაბორატორიაში ვაქცინაციისთვის“, - ამბობს სალვატორე სპატა.
პალაცო ადრიანოში ახლა 2100 მოსახლე ცხოვრობს.