სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ NATO-ში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანებისადმი მხარდაჭერას განაგრძობს

NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალამდე ერთი დღით ადრე, სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე განცხადება განთავსდა. ღია კარის პოლიტიკის პუნქტში საქართველო და უკრაინაც არიან ნახსენები.

კერძოდ, აღნიშნულიია, რომ NATO-ს ლიდერები ღია კარის პოლიტიკის ერთგულები არიან. ის უზრუნველყოფს გაწევრიანების გზას ნებისმიერი ევროპული ქვეყნისთვის, რომელიც იზიარებს ჩვენს ღირებულებებს, აუცილებელ პასუხისმგებლობებსა და ვალდებულებებს.

„ივნისში გამართულ NATO-ს სამიტზე კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი ერთიანობა ამ საკითხთან მიმართებით. აუცილებელია, NATO-მ განაგრძოს მე-10 მუხლისადმი სანდოობის უზრუნველყოფა.

შეერთებული შტატები განაგრძობს NATO-ს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის დეკლარაციის მხარდაჭერას, რომელიც ასევე დადასტურდა, მათ შორის 2021 წლის ივნისის ბრიუსელის სამიტზე, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან NATO-ს წევრები. ამ ქვეყნების წლიური ეროვნული პროგრამები (ANP) დეტალურად აღწერს მათ გზას წევრობისკენ. საქართველოც და უკრაინაც უკვე არიან ძლიერი შესაძლებლობების პარტნიორები, რაც აძლიერებს მათი ოპერაციული თავსებადობისა და ტრენინგების შესაძლებლობებს NATO-ს მოკავშირეებთან“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისათვის, მინისტერიალში, რომელიც 30 ნოემბერს იხსნება, სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენიც მიიღებს მონაწილეობას. ის ასევე შეხვდება NATO-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს. მინისტერიალზე მიწვეულნი არიან საქართველოს და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებიც.