იენს სტოლტენბერგი: ისტორიაში პირველად, ბალტიის რეგიონში საბრძოლო მზადყოფნა გვაქვს

NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ბალტიის რეგიონს ევროკომისიის პრეზიდენტთან ერთად სტუმრობს. ლიეტუვის შემდეგ ევროპელი ლიდერები უკვე ლატვიაში არიან. რიგაში ხვალ საგარეო საქმეთა მინისტერიალი იმართება. მანამდე კი მედიის ყურადღება პრესკონფერენციაზე გაკეთებულმა რამდენიმე განცხადებამ მიიპყრო. იენს სტოლტენბერგმა ბელარუსის საზღვარზე შექმნილი ვითარების ფონზე, მოკავშირეებისადმი მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი

"NATO-მ გარკვეულწილად, პირდაპირი მხარდაჭერით უზრუნველყო ლიეტუვა, როდესაც გავგზავნეთ ექსპერტები საზღვართან არსებული სიტუაციის და იმ ჰიბრიდული ტაქტიკის გათვალისწინებით, რომელსაც ბელარუსი ლიეტუვის და რეგიონში სხვა ქვეყნების წინააღმდეგ იყენებს.

NATO მტკიცედ გმობს ლუკაშენკოს რეჟიმის ქმედებას. და ჩვენ უკანასკნელ წლებში, მნიშვნელოვნად გავზარდეთ ჩვენი წარმომადგენლობა ამ რეგიონში. ისტორიაში პირველად, ბალტიის რეგიონში საბრძოლო ჯგუფები გვყავს მობილიზებული. ერთი ლატვიაში და მეორე - ლიეტუვაში", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა ლატვიაში, ევროკომისიის პრეზიდენტთან და ლატვიის პრემიერთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

სტოლტენბერგმა ბელარუსის საზღვართან არსებული ვითარების გარდა, გამოწვევად ასევე დაასახელა რუსი სამხედროების უჩვეულო გადაადგილება უკრაინის სიახლოვეს.

"NATO სიფხიზლეს ინარჩუნებს. ახლოდან აკვირდება სიტუაციას, ვაგროვებთ ინფორმაციას და აქტიურად ვაფასებთ ვითარებას იმის თაობაზე, თუ რა შეიძლება, გაკეთდეს, რათა დავრწმუნდეთ, რომ ყველა მოკავშირე დაცულია. ჩვენი გზავნილი მკაფიოა - NATO ადგილზეა, რათა დაიცვას ყველა მოკავშირე ნებისმიერი პოტენციური საფრთხისგან", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.