ბესიკ თამლიანი „სისხლის სამართლის კოდექსით“ გათვალისწინებული მუხლითაა დაკავებული

20 ივნისის აქციის მონაწილე და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ბესიკ თამლიანი „სისხლის სამართლის კოდექსით“ გათვალისწინებული მუხლითაა დაკავებული. პოლიციამ ის 29 ნოემბერს, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის პარალელურად მიმდინარე აქციაზე დააკავა.

შსს ცნობით, თამლიანის წინააღმდეგ ძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 353-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც პოლიციის მუშაკის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით. დანაშაული ისჯება ჯარიმით, ან შინაპატიმრობით, ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით, ვადით ორიდან ხუთ წლამდე.