საბერძნეთში კოვიდვაქცინით აცრა 60 წელს გადაცილებულებისთვის სავალდებულო იქნება

Covid19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საბერძნეთში, 60 წელს გადაცილებულებისთვის სავალდებულო იქნება. იუწყება BBC.

პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე განაცხადა, რომ ახალი წესი ძალაში მომავალი წლის 16 იანვრიდან შევა. მისი თქმით, ხელისუფლება დააკისრებს 100 ევროს ოდენობის ჯარიმას იმ ადამიანებს, რომლებიც ამ ბრძანებას არ დაემორჩილებიან.

მიმდინარე თვის დასაწყისში, არავაქცინირებულ ადამიანებს შიდა სივრცეებში, მათ შორის რესტორნებში, კინოთეატრებში, მუზეუმებსა და სპორტულ დარბაზებში შესვლა აეკრძალათ, მაშინაც კი, თუ მათ უარყოფითი პასუხი აქვთ კოროვირუსზე.

ბოლო კვირებში საბერძნეთში კორონავირუსის შემთხვევების სწრაფი ზრდა იგრძნობა. დღიურმა მაჩვენებელმა უმაღლეს დონეს, 6,721-ს მიაღწია.

ქვეყნის 11 მილიონიანი მოსახლეობის მხოლოდ 63%-ია სრულად ვაქცინირებული, რაც ევროპის საშუალო მაჩვენებელზე დაბალია.