ბარბადოსი დედოფალ ელისაბედის მმართველობის ქვეშ აღარ იქნება მას შემდეგ, რაც ოფიციალურად გახდა რესპუბლიკა.
დედაქალაქ ბრიჯთაუნში გამართულ ცერემონიაზე, სანდრა მეისონმა პრეზიდენტის პოსტზე ფიცი დადო. სანდრა მეისონს 2018 წლიდან დიდი ბრიტანეთის დედოფლის ხელისუფლების წარმომადგენლის, გენერალ-გუბერნატორის თანამდებობა ეკავა. ის არჩევნების გზით, პრეზიდენტად გასულ თვეს აირჩიეს.
ღონისძიებას, რომელიც ქვეყნის დამოუკიდებლობის 55 წლის იუბილეს დაემთხვა, უელსის პრინცი და ბარბადოსელი მომღერალი რიანა დაესწრნენ.
სიტყვით გამოსვლისას, პრინცმა ჩარლზმა აღიარა, რომ კარიბის კუნძულმა „მონობის შემზარავი სისასტიკე“ გამოსცადა.
ამასთან, იმედი გამოთქვა, რომ კონსტიტუციური სტატუსის ცვლილების მიუხედავად, ბრიტანეთსა და ბარბადოსს შორის კავშირები არ გაწყდება.
BBC წერს, რომ თავად დედოფალმა ქვეყანას ბედნიერება, მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა და აღნიშნა, რომ ამ ერს განსაკუთრებული ადგილი" უკავია მის გულში.
ბარბადოსის ახალი ერა დაასრულებს ბრიტანეთის მრავალსაუკუნოვან გავლენას, რომელიც 200 წელზე მეტს ითვლის.
ბარბადოსი პირველად ბრიტანეთის კონტროლის ქვეშ 1627 წელს გადავიდა. შაქრის პლანტაციებს აქ აფრიკიდან ჩაყვანილი მონები ამუშავებდნენ.
კუნძულზე მონობა 1834 წელს გაუქმდა. დამოუკიდებლობა 1966 წლის 30 ნოემბერს გამოცხადდა.