ჯანდაცვის მინისტრმა და ჯანმოს ევროპის რეგიონულმა დირექტორმა კორონავირუსის ახალ შტამზე ისაუბრეს

ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს, მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნიასა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ დირექტორის შორის ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მხარეებმა ახალი შტამი - ომიკრონი, მის მიმართ ვაქცინაციის ეფექტურობა და დაავადების მიმდინარეობა განიხილეს. ისაუბრეს, პანდემიის პირობებში, ექიმების დატვირთულობის მაჩვენებელზე.

საუბარი შეეხო სამომავლო გეგმებსაც, კერძოდ პირველადი ჯანდაცვის კუთხით დაგეგმილ რეფორმას, რომელიც სფეროში ციფრული ტექნოლოგიებისა და ტელემედიცინის დანერგვას ითვალისწინებს.

„განვიხილეთ, ახალ, მუტირებულ ვარიანტთან მიმართებით თუ რა ხედვა აქვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას. ამ შტამთან მიმართებით, მნიშვნელოვანი რჩება გადაცემის სისწრაფე, ვირულენტობა, რაც აისახება თვითონ დაავადების მიმდინარეობის სიმძიმეზე და თუ რომელ ასაკობრივ ჯგუფებზე აქვს მას განსაკუთრებული გავლენა, საინტერესოა აღნიშნული შტამთან მიმართებით ვაქცინაციის ეფექტურობაც.

მან აღნიშნა, რომ ორ კვირაში ექნებათ გაცილებით უკეთესი ხედვა, თუ როგორი არის აღნიშნული შტამის ზუსტი მიმდინარეობა, თუმცა აქვე დასძინა, რომ ის ხუთი ეფექტური ხელსაწყო, რომელიც დღესდღეობით გაგვაჩნია კვლავ ძალაში რჩება და ეს არის ვაქცინაცია, ბუსტერის გამოყენება, ასევე რა თქმა უნდა პირბადე და სოციალური დისტანცირება. მნიშვნელოვანია, რომ სკოლები დარჩეს ღია და ბავშვებს მიეცეთ განათლების მიღების საშუალება და ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ამ მკურნალობის პროტოკოლებთან მიმართებით გვქონდეს უახლესი სტანდარტები, რაზეც საქართველო მუდმივად მუშაობს“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრის თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ დირექტორს, დეკემბრის დასაწყისში, მსოფლიოს წამყვან ექიმებთან ექნება შეხვედრა, რის შემდეგაც ახალი მკურნალობის გაიდლაინები შემუშავდება.

„ბატონ კლუგეს, 6 დეკემბერს აქვს მსოფლიოს წამყვან 53 ექიმთან შეხვედრა, რის შედეგადაც დაიდება ახალი მკურნალობის გაიდლაინები, რასაც საქართველო რა თქმა უნდა გაიზიარებს და შესაბამისად, შეიტანს მკურნალობის გაიდლაინებში, რომელიც ეროვნული სტანდარტით ხორციელდება საქართველოში. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ თავი ავარიდოთ ლოკდაუნს, ეს არის ყველაზე ბოლო ღონისძიება.

ჯანმოს რეგიონულმა დირექტორმა მოიწონა ის წამახალისებელი ღონისძიებები, რომლებიც საქართველოს გააჩნია, რაც შეეხება 60 წელს გადაცილებული მოსახლეობის წახალისებას, ვინაიდან მისი აზრითაც მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინაცია ამ სეგმენტში იყოს სულ მცირე 90%-მდე, ვინაიდან სწორედ ეს გახლავთ იმ წარმატების საწყისი, რითიც ჩვენ შევძლებთ ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის, რეანიმაციაში პაციენტების განთავსების შემცირებას, რაც პირდაპირპროპორციულად აისახება ლეტალობის მაჩვენებლებზე“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

„ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ექიმების გადაღლილობა და განვახორციელოთ ამაზე კონტროლი. ამ პირობებში ექიმები არიან ყველაზე მძიმე მდგომარეობაში. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჰანს კლუგე გამოეხმაურა საქართველოში მიმდინარე რეფორმას, რაც გულისხმობს ციფრული ჯანდაცვის დანერგვას პირველადი ჯანდაცვის ფარგლებში. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია მხარს უჭერს ამ რეფორმას და მზად არიან უფრო აქტიური ჩართულობისთვის“, - აღნიშნა ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.