რუსეთთან მხოლოდ პარალელური დიპლომატია არ ამართლებს - პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ის რუსეთთან ურთიერთობის ნაწილში, ოპოზიციას გარკვეულწილად ეთანხმება და აცხადებთ, რომ რუსეთთან მხოლოდ პარალელური დიპლომატია არ ამართლებს.

როგორც მან მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის გახსნისას განაცხადა, გაყინული კონფლიქტებისა და ოკუპაციის დასაძლევად ახალი მიდგომა და თვითიზოლაციიდან გამოსვლაა საჭირო.

"შეიძლება არ გვჯეროდეს, რომ დიალოგი რამის მომტანია. გასაგებია, რომ არ ვენდობოდეთ ქვეყანას, რომელმაც მოახდინა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია. თუმცა არ შეიძლება, მთელი მსოფლიოსგან და ჩვენი უახლოესი პარტნიორებისგან განსხვავებით, ვიყოთ ერთადერთი ქვეყანა, რომელიც დიპლომატიაზე უარს ამბობს. ისიც უნდა ითქვას და ამაში ოპოზიციას გარკვეულწილად ვეთანხმები, რომ რუსეთთან მხოლოდ პარალელური დიპლომატია არ ამართლებს, რადგან მას აკლია ის ღიაობა, გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება, რაც თან ახლავს ფორმალურ მოლაპარაკებებს. უნდა ვიცოდეთ, რომ დიალოგი არ ნიშნავს რამის აღიარებას, მოლაპარაკება არ ნიშნავს დათმობას, ხოლო დიპლომატიაზე უარის თქმა ნიშნავს ყველა ბერკეტის ხელიდან გაშვებას და გაყინვას. დიალოგს კი თავისი ფორმატი აქვს და ჩვენთვის აუცილებელია ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა ამ მიმართულებითაც", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 11 დეკემბერს, მეათე მოწვევის პარლამენტში, მხოლოდ ერთი პარტიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმში რჩება.