პროკურატურა: ადვოკატმა ნიკა გვარამიამ პროკურორებს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა, რაზეც გამოძიება დაიწყო

პროკურატურის ინფორმაციით, ადვოკატმა ნიკა გვარამიამ პროკურორებს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა, რაზეც გამოძიება დაიწყო.

საუბარია 29 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილის ბრალდების საქმის სასამართლო განხილვას. პროკურატურის მტკიცებით, ადვოკატმა ნიკა გვარამიამ სამართალწარმოების მონაწილეებს - პროკურორებს მიმართა შეურაცხმყოფელი სიტყვებით, რაც იმ მომენტში სასამართლოსა და სამართალწარმოების სხვა მონაწილეების ყურადღების მიღმა დარჩა, თუმცა მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის ტრანსლირებისას საჯარო სივრცეში გავრცელებული ვიდეო კადრების საფუძველზე პროკურატურამ დღეს გამოძიება დაიწყო.

პროკურატურა მორიგ სხდომაზე სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს და ნიკა გვარამიას სასამართლო სხდომის დარბაზიდან გაძევებას მოითხოვს.

უწყების ინფორმაციით, პროკურატურამ უკვე მიმართა ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიას, მის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყებაზე.

„სასამართლო განხილვის მიმდინარეობისას, ადვოკატმა ნიკა გვარამიამ სამართალწარმოების მონაწილეებს - პროკურორებს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა, რაც იმ მომენტში სასამართლოსა და სამართალწარმოების სხვა მონაწილეების ყურადღების მიღმა დარჩა. თუმცა ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის ტრანსლირებისას საჯარო სივრცეში გავრცელებული ვიდეო კადრების საფუძველზე, დღეს, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში გამოძიება დაიწყო სამართალწარმოების მონაწილის შეურაცხყოფის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

გარდა ამისა, ადვოკატ ნ. გვარამიას მხრიდან სასამართლო სხდომაზე პროცესის მონაწილის მიმართ უპატივცემულობის გამოხატვის გამო, ბრალდების მხარე, მიხეილ სააკაშვილის ბრალდების ამ საქმის განხილვის მორიგ სხდომაზე, სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს და ადვოკატ ნიკა გვარამიას სასამართლო სხდომის დარბაზიდან გაძევებას მოითხოვს.

ასევე, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, საქართველოს პროკურატურამ უკვე მიმართა სსიპ "საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" ეთიკის კომისიას, ნიკა გვარამიას ზემოაღნიშნული ქმედების სამართლებრივი შეფასებისა და მის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყებაზე“, - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.