მოლდოვის პრემიერი: ასოცირებული ტრიოს ქვეყნები უსაფრთხოების კუთხით და ჰიბრიდული საფრთხეების გამკლავების მიმართულებით მეტ ყურადღებას ითხოვენ

„ძალიან ნათელი ხედვა გვაქვს და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტამდე მტკიცე და ძლიერი სამომავლო პოლიტიკური დეკლარაციები უნდა მივიღოთ, - ამის შესახებ მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა ნატალია გავრილიცამ ასოცირებული ტრიოს ფორმატში გამართულ ბრიფინგზე, ბრიუსელში განაცხადა.

მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მოლდოვა, საქართველო და უკრაინა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების ერთგულები არიან.

„ასოცირებული ტრიოს ძალიან მნიშვნელოვან ვიზიტს ვაჯამებთ. ბრიუსელში სამიტის დაწყებამდე ორი კვირით ადრე მოლდოვის, უკრაინის და საქართველოს პრემიერ-მინისტრები ვიმყოფებით და ეს არ არის უბრალო დამთხვევა. ჩვენ გავიაზრეთ ყველა ის ქმედება, რაც უკვე განხორციელდა და ის ინიციატივები, რაც ჩვენს ქვეყნებში გვქონდა დანერგილი. აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების ერთგულები ვართ.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ჩვენ უფრო დავახლოვდით, და ევროკავშირთან ჩვენი ურთიერთობა და დიალოგი უფრო გაღრმავდა. საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ გარკვეულ ეტაპებზე გარკვეული ჩამორჩენები გვქონდა, მაგრამ ახლა ჩამორჩენების დრო აღარ არის. ძალიან ნათელი ხედვა გვაქვს, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტამდე მტკიცე და ძლიერი სამომავლო პოლიტიკური დეკლარაციები უნდა მივიღოთ“, - განაცხადა ნატალია გავრილიცამ.

მოლდოვას პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ასოცირებული ტრიოს ქვეყნები აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში უსაფრთხოების კუთხით და ჰიბრიდული საფრთხეების გამკლავების მიმართულებით მეტ ინტერესს და ყურადღებას ითხოვენ.

ჩვენ გვინდა უფრო სიღრმისეული პოლიტიკური დიალოგი და დარგობრივი ინტეგრაცია ვიქონიოთ ევროკავშირთან. იმედი გვაქვს, რომ მჭიდრო თანამშრომლობა იქნება იმ საკითხებზე, რომელიც ჩვენი მოქალაქეებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია და რომელსაც აქვს პოტენციალი, პოზიტიური ტრანსფორმაცია მოახდინოს მათ ცხოვრებაში.

ჩვენ ძალიან გვინდა, რომ ახალი საჭიროებები გამძლეობის და მედეგობის კუთხით დაკმაყოფილდეს. აღმოსავლეთ სამეზობლო ბევრისთვის მოიტანს სარგებელს. ამ ფარგლებში უსაფრთხოების კუთხით და ჰიბრიდული საფრთხეების გამკლავების მიმართულებით მეტ ინტერესს და ყურადღებას ვითხოვთ.

განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ყველა იმ მიზანსა და ორიენტირზე, რომელსაც შედეგი ექნება ჩვენმედეგობასა და გამძლეობაზე. გაძლიერდება ჩვენი ენერგოუსაფრთხოება, ინტეგრაცია ევროპის ენერგობაზარზე, გაძლიერდება სატრანსპორტო დაკავშირებადობა, სასამართლო სისტემა და ასე მოხდება შიდა მედეგობის გაზრდა და განვითარება. ეს მხოლოდ რამდენიმე საკითხია იმ საკითხებს შორის, რომელიც განვიხილეთ ევროპელ კოლეგებთან. ყველანი მზად არიან და გახსნილები არიან, რომ გააძლიერონ ჩვენი მტკიცე რწმენა.

ყველანი მოუთმენლად ველით აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტს და დეკლარაციას, რომელშიც აღიარებული იქნება ჩვენი ამბიციები და ახალი, კონკრეტული წინადადებები“,- განაცხადა ნატალია გავრილიცამ.