NATO-ს გენერალურმა მდივანმა საგარეო საქმეთა მინისტერიალის შემდგომ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინის და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებთან პირველ დეკემბერს დაგეგმილი შეხვედრა ალიანსის ორი ახლო პარტნიორისადმი სოლიდარობის დემონსტრირებაა. იენს სტოლტენბერგი უკრაინის საზღვართან რუსეთის აქტივობას შეეხო.
„ჩვენ ვინარჩუნებთ პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას ჩვენი პარტნიორი უკრაინის მიმართ. ჩვენ მივესალმებით უკრაინის გააზრებულ პასუხს რუსეთის მუდმივ პროვოკაციებზე.
ვხედავთ უფრო მეტ საფრთხეს, მეტ გამოწვევას, არასტაბილურ ვითარებას უკრაინის გარშემო. რუსეთმა ადრე გამოიყენა ძალა ევროპელი მეზობლების: საქართველოს, უკრაინის წინააღმდეგ და მათ ასევე ჰყავდათ შეიარაღებული ძალები მოლდოვაში.
უნდა გვესმოდეს, რომ NATO-ს სამი მოკავშირე შავი ზღვის სანაპირო სახელმწიფოა. NATO-ს ორი ახლო პარტნიორი, უკრაინა და საქართველო, ზღვისპირა სახელმწიფოები არიან. ასე რომ, რა თქმა უნდა, ამ რეგიონს NATO-სთვის უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს.
მოუთმენლად ველი უკრაინის და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრას, რათა გავცვალოთ მოსაზრებები მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ეს იქნება ამ რეგიონში ჩვენი ორი ახლო პარტნიორისადმი სოლიდარობის დემონსტრირება“, - განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.
ცნობისთვის, რიგაში მიმდინარე NATO-ს მინისტერიალის დღის წესრიგის ერთ-ერთი საკითხი შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და ბოლო პერიოდში განვითარებული პროცესები იქნება, მოკავშირეები ასპირანტი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებისგან მოისმენენ რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე მათ ხედვებს და იმსჯელებენ როგორც რეგიონალური, ასევე გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში ამ ქვეყნების წვლილზე. მინისტერიალის ფარგლებში, მონაწილეები ასევე განიხილავენ საქართველოსა და უკრაინის მიერ ალიანსში გაწევრიანების გზაზე გადადგმულ ნაბიჯებს.
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, დელეგაციასთან ერთად, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიწვევით, მონაწილეობას მიიღებს რიგაში დაგეგმილ NATO-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში.
მინისტერიალის ფარგლებში საგარეო უწყების ხელმძღვანელი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად მონაწილეობას მიიღებს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სესიაში, სადაც სიტყვით მიმართავს კოლეგა მინისტრებს, ასევე დაგეგმილია დავით ზალკალიანის ორმხრივი შეხვედრები წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან.