„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერს ბესიკ თამლიანს ბრალი წარედგინა

„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერს ბესიკ თამლიანს, რომელიც 29 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოსთან დააკავეს, ბრალი ოფიციალურად წარედგინა.

როგორც თამლიანის ადვოკატი თეონა ქურიძე აცხადებს, მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353 მუხლით წარუდგინეს, რაც სამართალდამცავისთვის საქმიანობის განხორციელებაში ხელშეშლას გულისხმობს.

„დუმილის უფლებას იყენებს ბატონი ბესიკი, მას ოფიციალურად ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 353 მუხლით. ეს მუხლი წარმოადგენს ზეწოლით, ძალადობით ან მუქარით ხელშეშლას სახელმწიფო საზოგადოებრივი წესრიგის დამცავის მიმართ, ხელშეშლას მის საქმიანობაზე. მუხლის კვალიფიკაციას რაც შეეხება, ითვალისწინებს 2-დან 5 წლამდე პატიმრობას.

სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა იყო მობრძანებული შეამოწმეს, აღწერეს დაზიანებები, ასევე იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელი იქედან გამომდინარე, რომ განცხადებებია ინსპექციაში შესული, რომ გადამეტება იყო პოლიციის მხრიდან, გამოიკითხა ის, მისცა ჩვენება და გრძელდება გამოძიება“, - განაცხადა თეონა ქურიძემ.

ცნობისთვის, ბესიკ თამლიანი 29 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან დააკავეს.