„მოკავშირეები ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებებს მხარს უჭერენ და ჩვენ განვაგრძობთ საქართველოსა და უკრაინის პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას“, - განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა რიგაში, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრაზე, საგარეო საქმეთა მინისტრების სესიაზე.
იენს სტოლტენბერგის თქმით, „ივნისში, ბრიუსელის სამიტზე მოკავშირეთა სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ“.
„საქართველო და უკრაინა NATO-ს უახლოეს პარტნიორებს შორის არიან, რომლებსაც წვლილი შეაქვთ NATO-ს ოპერაციებსა და მისიებში და ისწრაფვიან ალიანსში გაწევრიანებისკენ.
მოკავშირეები ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებებს მხარს უჭერენ და ჩვენ განვაგრძობთ საქართველოსა და უკრაინის პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
ცნობისთვის, რიგაში მიმდინარე NATO-ს მინისტერიალის დღის წესრიგის ერთ-ერთი საკითხი შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და ბოლო პერიოდში განვითარებული პროცესები იქნება, მოკავშირეები ასპირანტი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებისგან მოისმენენ რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე მათ ხედვებს და იმსჯელებენ როგორც რეგიონალური, ასევე გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში ამ ქვეყნების წვლილზე. მინისტერიალის ფარგლებში, მონაწილეები ასევე განიხილავენ საქართველოსა და უკრაინის მიერ ალიანსში გაწევრიანების გზაზე გადადგმულ ნაბიჯებს.
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, დელეგაციასთან ერთად, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიწვევით, მონაწილეობას მიიღებს რიგაში დაგეგმილ NATO-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში.
მინისტერიალის ფარგლებში საგარეო უწყების ხელმძღვანელი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად მონაწილეობას მიიღებს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სესიაში, სადაც სიტყვით მიმართავს კოლეგა მინისტრებს, ასევე დაგეგმილია დავით ზალკალიანის ორმხრივი შეხვედრები წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან.