"დღეს ვაქცინაციის ექსპერტთა ჯგუფი კიდევ ერთხელ დაამუშავებს „ბუსტერ“ დოზების სქემას და ხვალ უკვე გვექნება კონკრეტული რეკომენდაციები, რამდენად მიზანშეწონილად ჩათვლის ჯგუფი „ბუსტერ“ დოზის ვადის შემცირებას დაწესებული 6-თვიდან 5-თვემდე", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, 18 წლიდან ზემოთ ყველა პირს დღესაც შეუძლია „ბუსტერ“ დოზის ჩატარება, თუმცა დადგენილი ვადა 60 წლის ზემოთ პირებისთვის, შესაძლოა, „სინოვაკის“ და „სინოფარმის“ შემთხვევაში იყოს 3 თვე.
„ვაქცინაციის საბჭოზე განხილულ იქნა „მწვანე საშვის“ ამოქმედების საკითხი, ასევე იქნა განხილული ახალ ვარიაციასთან - ე.წ. ომიკრონის შტამთან დაკავშირებული ცვლილებები, საერთაშორისო გამოცდილება და ის, თუ როგორ უნდა გააქტიურდეს ვაქცინაციის პროგრამა, მათ შორის, „ბუსტერ“ დოზების გამოყენების საკითხი იმისთვის, რომ „ომიკრონთან“ დაკავშირებული რისკები მინიმუმამდე შემცირდეს", - განაცხადა გაბუნიამ.