NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში საქართველოს მონაწილეობა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენი ქვეყნის მტკიცე პარტნიორობასა და პროგრესს ინტეგრაციის გზაზე. ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა რიგაში გამართულ NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალთან დაკავშირებით აღნიშნა.
დავით ზალკალიანის განცხადებით, მინისტერიალი იყო ძალიან შინაარსიანი და შედეგზე ორიენტირებული, რომლის ფარგლებშიც, საუბარი შეეხო შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებს და საქართველოსა და უკრაინის მიერ შეტანილ მნიშვნელოვან წვლილს ამ მიმართულებით.
მისი თქმით, მინისტერიალზე მხარეებმა ისაუბრეს 2022 წელს დაგეგმილ სამიტზე, რომელიც მადრიდში გაიმართება და განიხილეს ის 2030 წლის განახლებული სტრატეგიული კონცეფცია, რომელსაც ამავე სამიტზე დაამტკიცებენ.
„დღეს ძალიან ბევრი ქვეყანა საუბრობდა იმაზე, რომ აუცილებელია საქართველოსა და უკრაინის მიპატიჟება მადრიდის სამიტზე. ასევე, თავად ის ფაქტი, რომ ჩვენ უკვე ჩართულნი ვართ NATO-ს ახალი სტრატეგიის შემუშავებაში მიანიშნებს იმაზე, რომ ჩვენი მონაწილეობა უაღრესად აქტუალურია მომავალი წლის მადრიდის სამიტზე და ახალი სტრატეგია იქნება მნიშვნელოვანი ხაზგასმა NATO-ს ღია კარის პოლიტიკის განგრძობადობის და ამ თვალსაზრისითაც დღევანდელი საუბრები იყო ძალიან შედეგიანი,“ - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.
საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, დღევანდელ მინისტერიალზე ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც, ასპირანტი ქვეყნის მნიშვნელობას და პირველად, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში იყო წარმოდგენილი ნატოს შეფასების დოკუმენტი ასპირანტ ქვეყნებთან მიმართებაში, სადაც, საქართველოს აქვს უაღრესად პოზიტიური შეფასებები NATO-ში ინტეგრაციის კუთხით. მისივე შეფასებით, აღნიშნული დოკუმენტის მიღება ადასტურებს, რომ საქართველო სწორ გზაზეა NATO-ში ინტეგრაციასთან დაკავშირებით და ის ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, რომელიც, ჩვენ გვაქვს, არის წარმატებით შესრულებული.
ამასთან, ზალკალიანმა აღნიშნა, რომ მინისტერიალის ფარგლებში, განხილულ იქნა ის წინადადებები, რომელთაც საქართველო წარადგენს ნატოელი პარტნიორების წინაშე, ხედვები, თუ როგორ ხედავს ჩვენი ქვეყანა NATO-ში გაწევრიანების უახლოეს სამოქმედო გეგმას და იმ ნაბიჯებს, რომელიც, უნდა იყოს გადადგმული საქართველოს მხრიდან. მისივე თქმით, საუბარი შეეხო იმ შემხვედრ ნაბიჯებსაც, რომელთა მოლოდინიც აქვს საქართველოს NATO-ელი პარტნიორების მხრიდან.
„იყო უაღრესად პოზიტიური შეფასებები და ბუნებრივია დღევანდელი განხილვა მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ NATO-ს 2022 წლის მადრიდის სამიტი იქნება შედეგიანი ღია კარის პოლიტიკის კონტექსტში, და იმ პროგრესის ასახვის კუთხით, რა პროგრესიც აქვს ქვეყანას NATO-ში ინტეგრაციის გზაზე,“ - განაცხადა ზალკალიანმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მინისტერიალის ფარგლებში NATO-ს გენერალური მდივნის და წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მხრიდან კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ასპირანტი საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობისა და მისი ევროატლანტიკური მისწრაფების მიმართ მხარდაჭერა.
აღინიშნა, რომ საქართველო არის NATO-ს უახლოესი პარტნიორი და ხაზი გაესვა მის წვლილს გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, მათ შორის NATO-ს უახლოეს ოპერაციებსა და მისიებში.
მინისტერიალზე კიდევ ერთხელ აღინიშნა რომ NATO ერთგულია ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების და გამოხატავს მზაობას, განაგრძოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა. მინისტერიალის განსახილველ საკითხებს შორის იყო შავი ზღვის უსაფრთხოება, ამ კონტექსტში ალიანსის თანამშრომლობა პარტნიორ სახელმწიფოებთან, მათი ინტეგრაციული მექანიზმების გაძლიერება და შემდგომი მხარდაჭერა.
რიგის მინისტერიალზე მიღებული იქნა სპეციალური ანგარიში ასპირანტ ქვეყნებთან დაკავშირებით, სადაც ასახულია როგორც ასპირანტი ქვეყნების მხრიდან NATO-ში ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი, ასევე ალიანსის მხრიდან გაწევრიანების გზაზე ასპირანტების დახმარების კონკრეტული მექანიზმები და ახალი მიმართულებები.
„აღნიშნულ მინისტერიალს განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა ალიანსის 2022 წლის სამიტის წინ, სადაც უნდა მოხდეს NATO-ს ახალი სტრატეგიული კონცეფციის დამტკიცება. მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს ჰქონდა შესაძლებლობა, გაეჟღერებინა ის მოლოდინები, რაც არსებობს 2022 წლის სამიტთან დაკავშირებით. საქართველო აქტიურად არის ჩართული NATO-ს 2030 სტრატეგიული ხედვის შემუშავების პროცესში, რათა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხები სრულფასოვნად იყოს ასახული ამ სტრატეგიაში, რომელიც NATO-ს მომდევნო 10 წლის პრიორიტეტულ მიმართულებებს განსაზღვრავს.
აღსანიშნავია, რომ მინისტერიალის მოსამზადებელ პერიოდში ქართულმა მხარემ შეიმუშავა და ალიანსს გადასცა საკუთარი ხედვები ქვეყნის NATO-ში ინტეგრაციის გზაზე როგორც პრაქტიკული ასვე პოლიტიკური მხარდაჭერის გაძლიერების თვალსაზრისით, რაც მათ შორის გულისხმობს რეფორმების განხორციელებას, ასევე ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას და ქვეყნის მედეგობის განმტკიცებას.
მინისტერიალში საქართველოს მონაწილეობა მიუთითებს ალიანსის მხრიდან რეგიონის უსაფრთხოების მაღალ პრიორიტეტულობაზე და ხაზს უსვამს ჩვენი ქვეყნის განსაკუთრებულ მნიშვნელობას გლობალური და რეგიონალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში“, - აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამავე თემაზე: