"განსაკუთრებული ყურადღება უნდა იყოს 50-60 წლის ზემოთ მოსახლეობის აცრებზე, რადგან სიკვდილიანობის 85% მოდის 60 წლის ზემოთ ასაკის პირებში", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ერთადერთ პოზიტივს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ტესტირების მაღალი მაჩვენებლის მიუხედავად, დადებითობის პროცენტი 8-9%-ს შორის მერყეობს და მაღლა არ მიდის.
„რეპროდუქციის ინდექსი, ჯერჯერობით, 1-ის ქვემოთ რჩება, თუმცა, საყურადღებოა, რომ წინა კვირის შესაბამის დღეებთან მიმართებით ოდნავ მატებაა. ჩვენ ვართ მაღალ ციფრებზე, რაც საყურადღებოა და ზამთრის რესპირაციული სეზონის პირობებში ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან მალე, ალბათ, გრიპის ვირუსი გამოჩნდება. ამ მდგომარეობას ჩვენ "თვინდემიას" ვეძახით.
თუ ჩვენ 60 წელს გადაცილებული მოსახლეობის ვაქცინაცია ვერ მოვახერხეთ, სამწუხაროდ, ეს ძალიან ცუდი და ტრაგიკული შემთხვევები კიდევ გვექნება. მივმართავ საზოგადოებას, რომ განსაკუთრებული ყურადღება იყოს 50-60 წლის ზემოთ მოსახლეობის აცრებზე. სიკვდილიანობის 85% მოდის 60 წლის ზემოთ, შემდეგ 10% მოდის 50-დან 60 წლამდე ასაკის პირებში და 5% არის უფრო ახალგაზრდა ასაკში. ეს დაბალი ასაკი უფრო მეტად არის გამავრცელებელი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.