გიგი უგულავას სასამართლომ 3000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა და გაათავისუფლა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ოპოზიციონერი გიგი უგულავა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო. პოლიტიკოსი 3000-ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გათავისუფლდა.

დღევანდელ პროცესზე ორი სამართალდამცველი დაიკითხა, რომელთა განცხადებით, უგულავას დაკავებაში მონაწილეობდნენ. მათივე განცხადებით, უგულავამ „ძაღლები” უწოდა და გზის გათავისუფლებასთან დაკავშირებით კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილა.

თავის მხრივ, უგულავას თქმით, სამართალდამცველებისთვის პიროვნული შეურაცხყოფა არ მიუყენებია. ცნობისთვის, გიგი უგულავა სამართალდამცველებმა თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

„სასამართლოს გადაწყვეტილება მოულოდნელი არ იყო, დიდი ხანია ტანდემში ერთიან რეჟიმს წარმოადგენენ. ნოტარიალურ კანტორად არიან გადაქცეულები. 3 ათასი ლარი 48 საათზე რომ გავყოთ, მარნეულის „კაპეზე“ 1500 ლარი გამოვიდა. კარგი, 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს ფასი გამოიყვანეს. ხუმრობა რომ გვერდზე გადავდოთ, ხელისუფლება ცდილობს, დაჯარიმებებით, დაკავებებით, დააშინონ სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები. აბსოლუტური სიბრიყვეა. რაც მეტს დაიჭერენ და რაც მეტი იქნება ასეთი ბრუტალური მოქმედებები, საზოგადოების პასუხი იქნება შესაბამისი. რაც უფრო გაწელავს ხელისუფლება ზამბარას, ეს ზამბარა მით უფრო მტივნეულად მოხვდება ცხვირში“,- განაცხადა გიგი უგულავამ.